15 იანვარი 2026,   05:09
ვრცლად
პრეზიდენტი უკრაინაში მიმდინარე პროცესებს აგვისტოს ომის მოვლენების გაგრძელებას უწოდებს

საქართველოს პრეზიდენტი დღეს უკრაინაში მიმდინარე პროცესებს აგვისტოს ომის მოვლენების გაგრძელებას უწოდებს. 

ამის შესახებ განცხადება გიორგი მარგველაშვილმა დღეს უკრაინელ ჟურნალისტებთან გამართულ შეხვედრაზე გააკეთა, სადაც მან უკრაინა-საქართველოს განსაკუთრებულ ურთიერთობებზე ისაუბრა. 

"დიდი იმედი გვაქვს, რომ ის პრობლემები, რომლებიც უკრაინას დაატყდა თავს, სწრაფად, ეფექტიანად და ადამიანური მსხვერპლის გარეშე გადაიჭრება. სამწუხაროდ, მსგავსი რამ ჩვენ უკვე გამოცდილი გვაქვს. ჩვენ ეს გავიარეთ 2008 წელს და მანამდეც,“ - განაცხადა პრეზიდენტმა.

მარგველაშვილმა უკრაინელი ხალხის მიმართ თანაგრძნობა გამოხატა და თქვა, რომ მისთვის ძალზე მტკივნეულია ის, რაც ხდება დღეს უკრინაში. პრეზიდენტის განცხადებით, პრობლემის გადაწყვეტა აგრესიული ფორმით ძალიან „ცუდი ფორმაა“.

„საზოგადოების დანაწევრება ძალიან მტკივნეული და პრობლემური საკითხია, რომელიც ერთიანობით უნდა დავძლიოთ. მნიშვნელოვანია იმ ხალხის საზოგადოებაში ინტეგრაცია, რომელსაც დღესდღეობით ქვეყნის დანარჩენი მოსახლეობისგან განსხვავებული ფორმატით უწევს ცხოვრება. ეს არ უნდა მოხდეს აგრესიის გზით, რადგან აგრესიული დაბრუნება საკითხის გადაწყვეტის ძალიან ცუდი ფორმაა, ყოველ შემთხვევაში, საქართველოსთვის. ეს უნდა დაიწყოს მეორე მხარეს მცხოვრები ხალხის ჩაბმით საქართველოში მიმდინარე საერთო პროცესებში. მავთულხლართები, რომლებსაც რუსეთის მხარე ავლებს ჩვენს შორის, რეალურად, იმ ადამიანებს ურთულებს ცხოვრებას, რომლებსაც, მაგალითად, სამედიცინო გამოკვლევების, სხვა სოციალური საკითხების მოგვარებისა თუ კომერციის მიზნით სურთ გადმოსვლა,“ - განაცხადა პრეზიდენტმა. 

მარგველაშვილმა  რუსეთი პოლიტიკა გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ „კვაზი-სახელმწიფოების შექმნით  ჩნდება უკონტროლო ტერიტორიები, რომლებზეც მილიონები იხარჯება, თუ არა მილიარდები. თანაც, ეს თანხა, პრაქტიკულად, არ კონტროლდება და ნარკოტიკებისა და უკანონო იარაღის "ბუდე" ხდება. ნებისმიერი სახელმწიფო ცდილობს არა იმას, რომ საკუთარ საზღვართან მსგავსი პრობლემა შექმნას, არამედ გადაჭრას, თუკი ის არსებობს. რუსული პოლიტიკა, ამ თვალსაზრისით, სამწუხაროდ, თავად იქმნის პრობლემებს. რა თქმა უნდა, ჩვენს ხარჯზე, რომლებისთვისაც ეს უკვე პრობლემა კი არა, ტრაგედიაა. ამიტომ, დროა, გაიგონ, რომ ეს მათთვისავეა ცუდი. მსოფლიოში ყველაზე დიდ ქვეყანას არ სჭირდება დამატებით რამდენიმე ასეული კილომეტრი.“

უკრაინულ მედიასთან საუბრისას პრეზიდენტმა ისიც აღნიშნა, რომ არც ერთი სახელმწიფო არაა რუსეთის მტერი და რომ "საქართველოსა და უკრაინის მხარეს არის მთავარი იარაღი, რომელსაც სიმართლე ქვია".

უკრაინიდან ჩამოსული ჟურნალისტები ერთკვირიანი პროგრამით იმყოფებოდნენ საქართველოში, რომელიც IREX-ის (საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭოს) ორგანიზებით განხორციელდა.

უკრაინულმა მედიაჯგუფმა საქართველო დღეს დატოვა.

დღის ამბები