ლარმა დღეს ამერიკულ დოლართან მიმართებით გაუფასურების ახალი რეკორდი მოხსნა. კომერციულ ბანკებში დღის განმავლობაში 1 USD 2 ლარი და 23 თეთრი ღირდა.
ლარი მიმოქცევაში 1995 წლიდან შემოვიდა, როდესაც ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 1 ლარსა და 30 თეთრს შეადგენდა.
მიმოქცევაში ახალი ეროვნული ვალუტის შესვლიდან ერთი წლის თავზე, ლარი კიდევ უფრო გამყარდა და 1 ამერიკული დოლარის შეძენა 1 ლარად და 27 თეთრად იყო შესაძლებელი.
ლარის გაუფასურებამ პირველ პიკს 1999 წელს მიაღწია. როდესაც ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 2 ლარს შეადგენდა.
ლარის 20-წლიანი ისტორიის განმავლობაში, გაუფასურების მაქსიმუმი 2001 წლის 25 აპრილს დადასტურდა, როდესაც ეროვნული ვალუტის ოფიციალური გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებით 2.24 იყო.
რეკორდული გაუფასურების შემდეგ ეროვნულმა ვალუტამ დოლართან მიმართებით გამყარების ახალ ნიშნულს უკვე 2008 წლის 19 ივლისს მიაღწია, როდესაც ერთი დოლარი ერთი ლარი და 40 თეთრი ღირდა.
ლარის სწრაფი გაუფასურების პროცესი 2014 წლის ნოემბრიდან დაიწყო. 2015 წლის 28 იანვარს კი ეროვნულმა ვალუტამ დოლართან მიმართებით 2-ლარიან ნიშნულს გადააბიჯა. ბოლოს ასეთი შემთხვევა 2004 წლის 9 აპრილს მოხდა, როდესაც ერთი ამერიკული დოლარი ორი ლარი ღირდა.