საქართველოს ეროვნული ვალუტის გაუფასურების შესახებ პარლამენტში იმსჯელეს. დეპუტატების ნაწილი ფიქრობს, რომ ლარის გაუფასურება საგარეო ფაქტორებს უკავშირდება, ნაწილს კი მიაჩნია, რომ ლარის გაუფასურება ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარეობს.
"ლარის კურსი განიცდის ვარდნას და ეს ძალიან ცუდია და ამას სოციალურად დაუცველები და პენსიონერები მძიმედ განიცდიან, მაგრამ ეს დამოუკიდებელ პროცესად გინდათ წარმოადგინოთ, რომ თითქოსდა ლარის გაუფასურება არ არის მიბმული საგარეო ფაქტორებზე," - განაცხადა მმართველი კოალიციის წევრმა, დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ.
მმართველი კოალიციის წარმომადგენელს გამოეხმაურნენ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები. ისინი ფიქრობენ, რომ ლარის გაუფასურების ძირითადი მიზეზი ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა გახდა.
"სანამ ჩვენ აქ ვსაუბრობთ, ტაბლოზე იცვლება ვალუტის კურსი. პრობლემა ისაა, რომ ამბობთ, ჩვენ რა შუაში ვართ, ეს საგარეო ფაქტორების ბრალიაო. მე, თქვენს ადგილზე, ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლებს დავიბარებდი პარლამენტში," - განაცხადა დეპუტატმა პავლე კუბლაშვილმა.
დეპუტატმა გიორგი კანდელაკმა კი დიმიტრი ხუნდაძეს რეგიონებში ვითარების გაცნობა ურჩია.