14 იანვარი 2026,   08:42
ვრცლად
„პრეზიდენტს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელების საშუალება არ მიეცა“

პრეზიდენტის მრჩეველი და საგარეო საკითხთა მდივანი, თენგიზ ფახალაძე  კონსტიტუციის დარღვევად მიიჩნევს იმას, რომ მარგველაშვილს გაერო-ში ვიზიტი  ჩაუშალეს.  

როგორც თენგიზ ფახალაძემ დღეს  „რუსთავი2“- თან საუბრისას განაცხადა, ამ კონკრეტულ შემთხვევაში არის ორი სახის პრობლემა. პირველი არის ის, რომ პრეზიდენტს არ მიეცა კონსტიტუციით მინიჭბული უფლებამოსილების განხორციელების შესაძლებლობა.  მეორე პრობლემად კი იმას ასახელებს, რომ ეს გადაწყვეტილება მარგველაშვილის დაუკითხავად მოხდა და  მისთვის  პოსტფაქტუმ გახდა ცნობილი.  

„ერთ-ერთი მთავარი ატრიბუტი დემოკრატიული სახელმწიფოსი არის უფლებამოსილებების გამიჯვნა. როდესაც  პრეზიდენტი  არის დამოუკიდებელი შტო და გადაწყვეტილება მიიღება მისი უშუალო ჩართულობის გარეშე, არასწორია.  არასწორია  პოსტფაქტუმ შეტყობინება და ისიც მხოლოდ ჩვენი წერილის პასუხად, რომ ამაზე ვიმსჯელეთ და მივიღეთ გადაწყვეტილება.  ასეთი ფორმა არ წაადგება არც სახელმწიფოს, არც სახელმწიფო ინსტიტუტებს და ზოგადად ეს  აზიანებს ქვეყნის იმიჯს,“ - ამბობს თენგიზ ფხალაძე, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში რიგის კონფერენციას ესწრებოდა და საქართველოში ახალი  ჩამოსულია.  

ფხალაძე ამბობს, რომ პრეზიდენტის გაერო-ში ვიზიტი მთელი ზაფხულის განმავლობაში მზადდებოდა და ამის შესახებ მთავრობისთვის ცნობილი იყო.

"საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის ისიც იყო ცნობილი, თუ რა განცდა იყო გაეროს ასამბლეასთან დაკავშირებით პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, რადგან გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სახელმწიფოები წარმოდგენილნი არიან სახელმწიფოს მეთაურით," - ამბობს ფხალაძე და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ "არ არის სწორი ეს მიდგომა. რომ მთავრობამ რაღაც გადაწყვიტა და პრეზიდენტმა ხმა არ უნდა ამოიღოს".    

საპარლამენტო უმრავლესობა და ისევ აცხადებს, რომ მარგველაშვილს „შეეშალა“.

„... არა აქვს გიორგის ის განწყობა, მაგრამ რაღაც საკითხებზე, გაეროს საკითხებზე,  გინდა პროცვედურულად, გინდა პოლიტიკურად შეცდომები აქვს დაშვებული და რა მოხდა, რომ გავაკრიტიკოთ, არ შეიძლება?“ -  ამბობს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, გიორგი ვოლსკი.  

საპარლამენტო  უმცირესობა კი აქცენტს იმაზე აკტებს, რომ ასეთი გადაწყვეტილებებით ქვეყანაში ინსტიტუტები ნადგურდება.   

„მთავარი არის ის, რომ ერთ-ერთი მავნებლობა, რასაც ივანიშვილი აკეთებს, არის ის, რომ საქართველოში ნადგურდება ინსტიტუტები. თუ მან არ იცის და არც ეუბნებიან, საქართველო არ არის საპარლამენტი რესპუბლიკა.  ეს ნახევრად საპარლამენტო რესპუბლიკაა და ეს სკოლის დონის საკითხია და მას უნდა ესმოდეს,  რომ  არსებობს პრეზიდენტის ინსტიტუტი, რომელსაც აქვს  თავისი უფლებები და მოვალეობები,“  - ამბობს საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი გიორგი  ბარამიძე.  

დღის ამბები