14 იანვარი 2026,   12:16
ვრცლად
პრეზიდენტის ადმინისტრაცია მარგველაშვილის გადაწყვეტილებას კიდევ ერთხელ განმარტავს

პრეზიდენტის  ადმინისტრაციის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ გიორგი მარგველაშვილის გადასვლა ავლაბრის რეზიდენციაში პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო და საკითხის სამეურნეო განხილვამდე დაყვანა მართებული არ არის.

ამის შესახებ საგანგებო განცხადება პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დღეს მას შემდეგ გაკეთდა, რაც ივანიშვილის მიერ  „კვირის პალიტრისთვის“  მოცემული ინტერვიუ გამოქვეყნდა და ის მარგველაშვილის მთავარ შეცდომად ისევ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შესვლას ასახელებს.  

„ბუნებრივია, რომ საქართველოს პრეზიდენტს და მის ადმინისტრაციას უნდა ჰქონდეს სათანადო სამუშაო სივრცე, სადაც განახორციელებს საკუთარ უფლებამოსილებას. პრეზიდენტის ადმინისტრაცია პირველივე დღიდან უწყვეტად განთავსებულია აქ. ამდენად, პრეზიდენტის ადმინისტრაცია არც გადასულა  სადმე და არც გადმოსულა. რაც შეეხება საქართველოს პრეზიდენტს, ის მართლაც გადმოვიდა თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად და მან განმარტა, რომ ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება. დეტალურ ინფორმაციას ფართთან დაკავშირებით, თუ რამდენი კვადრატული მეტრია ეს შენობა  და რა ღირს ის ქონება, რაც ამ მისამართზე არის განთავსებული, ვერ მოგახსენებთ, რადგან დღემდე  ეს ფართი პრეზიდენტის ადმინისტრაციის ბალანსზე არ იმყოფება,“ - განაცხადა დავით პატარაიამ.

პრეზიდენტ მარგველაშვილის მიმართ ბიძინა ივანიშვილის კრიტიკის ერთ-ერთი საფუძველი ავლაბრის რეზიდენცია გახდა. ყოფილი პრემიერის ანგარიშით, სასახლის ფართობი ქვეყნის პირველი პირისთვის დიდია და ამით ბიუჯეტი სოლიდურ თანხას კარგავს. სასახლის თემას ივანიშვილი ნაციონალური მოძრაობის ინტერესებს უკავშირებს.

ვრცელ ინტერვიუში ყოფილი პრემიერი აცხადებს, რომ ფართი რეზიდენციისთვის საკმაოდ დიდია და ავლაბარში გიორგი მარგველშვილის გადასვლით ბიუჯეტმა რამდენიმე მილიონი დაკარგა.

”16 ათასი კვადრატული მეტრის ფართობისაა სასახლე, მარგველაშვილს რეალურად სჭირდება 3 ათასი. 16 ათასი კვადრატული მეტრის ფართობის სასახლე უკავია - გადაამრავლეთ, იმ უბანში ერთი კვადრატული მეტრის გირაობა რა ღირს და ნახავთ, რომ 2-3 მილიონი დოლარი ზედმეტი იხარჯება. მე არ მინდა ამის გაღვივება, თუმცა ეს ყველაფერი მიწყნარებულია იმის გამო, რომ ”ნაციონალურ მოძრაობას” ასე აწყობს... ”ნაციონალური მოძრაობა” მას ეთამაშება, რომ როგორმე გუნდიდან სოლიდური წევრი გადაიყვანოს ოპოზიციაში და გუნდში განხეთქილება გამოიწვიოს.”

დღის ამბები