რუსეთის მთავრობამ ოკუპირებულ ცხინვალთან გასაფორმებელი ე.წ. "თანამშრომლობისა და ინტეგრაციის" დოკუმენტი ვლადიმერ პუტინს ხელმოსაწერად უკვე წარუდგინა.
ამ ფაქტს თბილისში აფასებენ. „ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია ამბობს, რომ ეს არის ანექსიისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი.
„ჩვენმა მთავრობამ უნდა აკეთოს იმის საპირისპირო, რასაც აკეთებდა ორწლინახევრის განმავლობაში. უნდა გამოიყენოს ყველა ტრიბუნა იმისთვის, რომ პრობლემა შეუქმნას რუსეთის ფედერაციას. ამის ნაცვლად, ჩვენ ორწელიწადნახევარი ვხედავდით მიზანმიმართულ მცდელობას, რომ საქართველოს საკითხი დღის წესრიგიდან მოხსნილიყო და აღარ დამდგარიყო. ჩვენ ვნახეთ მცდელობა ჩვენი დისტანცირებისა საერთაშორისო ასპარეზზე, რაც იყო ჩვენი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ გადადგმული ძალიან მავნებლური ნაბიჯი,” - აცხადებს გიგა ბოკერია.
რუსეთის მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ შეთანხმება წარმოადგენს საბაზისო დოკუმენტს რუსეთსა და ცხინვალს შორის უფრო ახლო ურთიერთობების ჩამოყალიბებისთვის ჰუმანიტარული, ეკონომიკური და თავდაცვის კუთხით.
შეთანხმება 25 წლის ვადით იდება, გაგრძელების შესაძლებლობით.
დოკუმენტი ძალაში რატიფიცირების შემდეგ შევა.