13 იანვარი 2026,   13:49
ვრცლად
"საქართველოს ევროპული არჩევანი შეუქცევადია," - ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბრიუსელში ვიზიტს განაგრძობს. ირაკლი ღარიბაშვილმა ამჯერად შეხვედრა გამართა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან. 

ირაკლი ღარიბაშვილმა და დონალდ ტუსკმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და პრიორიტეტები განიხილეს, ასევე იმსჯელეს რიგის სამიტთან დაკავშირებთ. 

მხარეებმა ერთმანეთს გაუზიარეს შეხედულებები რეგიონსა და საქართველოში უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ვითარებაზე, ასევე იმ მნიშვნელოვან როლზე, რომელსაც ევროკავშირი არსებულ გამოწვევებთან ბრძოლის კუთხით ასრულებს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა შეშფოთება გამოთქვა უკრაინის კრიზისის გამო, რომელიც ევროპის კონტინენტზე უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ მდგომარეობას ამძიმებს და აღნიშნა, რომ ის წარმოადგენს რუსეთის აგრესიული პოლიტიკის გაგრძელებას, რომელიც 2008 წლის აგვისტოში საქართველოს წინააღმდეგ ომით დაიწყო.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველოს სურვილია გახდეს წარმატებული მაგალითი რეგიონში და მიაღწიოს არსებით წინსვლას ვიზის ლიბერალიზაციის მიმართულებით, რიგის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე.

ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს კიდევ ერთხელ დაუდასტურა, რომ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი შეუქცევადია და ის ქართველი ხალხის ეროვნულ არჩევანს წარმოადგენს.

ამავე თემაზე
დღის ამბები