პროკურატურის ახალი დეპარტამენტის შექმნას იუსტიციის მინისტრი დადებითად აფასებს, თუმცა ამბობს, რომ ის მის მიერ შემუშავებული მოდელისგან განსხვავებულია. ჩამორთმეული ქონებისა და უკანონო მსჯავრდების საკითხების შესწავლისთვის მას სულ სხვა მოდელი ჰქონდა, რომელიც არ გაიზიარეს.
„ძალიან ბევრ ადამიანს ჩამოართვეს ქონება, ძალიან ბევრი ადამიანი უკანონოდ იქნა მსჯავრდებული, ამაზე მეც ძალიან ბევრს ვმუშაობდი, თუმცა სხვა იდეა და მოდელი მქონდა შემუშავებული. ეს მაშინ ვერ იქნა გაზიარებული, მაგრამ დღეს არის მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ ეს მოხდეს, ოღონდ სხვა ფორმით და ეს ფორმა არის პროკურატურის ორგანოებში შექმნილი სპეციალური დეპარტამენტი. არის ათასობით საჩივარი, მაგრამ კატეგორიზაცია მომხდარია და პროკურატურამ ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად შთამბეჭდავი სამუშაო ჩაატარა,” - აცხადებს თეა წულუკიანი.