საკრებულოს სხდომაზე მთავრობაში მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრის შექმნასა და ამ სამსახურის ხელმძღვანელად ალექსანდრე მარგიშვილის დანიშვნას ოპოზიცია აპროტესტებს.
ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ახალი ცენტრის შექმნით მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის სამსახურის ფუნქციების დუბლირება მოხდება.
„მარგიშვილმა საზოგადოებას თავი დაამახსოვრა, როგორც თანამშრომლებზე მოძალადე პირმა, რომელიც არაერთ კორუფციულ სკანდალთან დაკავშირებით იქნა შემჩნეული. ამ ადამიანისთვის ახალი ცენტრის შექმნა და ამისათვის ბიუჯეტიდან 2 მილიონ ლარზე მეტის დახარჯვა, ეს არის მავნებლობა, საზოგადოების მოტყუება და ცინიზმი. ჩვენ შპს კორუფციის შექმნას მხარს ვერ დავუჭერთ, ვინაიდან ეს იქნება ცენტრი, რომლის მეშვეობითაც მარგიშვილი კვლავ ჩაერთვება თბილისის მერიის ჩინოვნიკებთან კორუფციულ გარიგებებში,” - აცხადებს ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი ირაკლი აბესაძე.
თავად ეკონომიკური პოლიტიკის სამსახურის ხელმძღვანელი ირაკლი ბერიკაშვილი კი ამბობს, რომ თბილისში არსებულ საქმეებს ერთი სამსახური ვერ უძღვება და "მარგიშვილის ხელმძღვანელობით ახალი სამსახურის შექმნა იდეალური გამოსავალია, მისი ხანგრძლივი და მდიდარი გამოცდილებიდან გამომდინარე."