ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნები იმ საფრთხეზე მიუთითებენ, რაც კახეთ-დაღესტნის ახალი გზის მშენებლობას შეიძლება მოჰყვეს. ისინი „კურიერთან“ საუბრისას პარალელებს ავლებენ 2008 წლის მოვლენებთან და აღნიშნავენ რომ თუკი გზა აშენდება, ქვეყნის მთლიანობას საფრთხე დაემუქრება.,
„ეს იქნება ახალი როკის გვირაბი,“- ამბობს საზოგადოებრივი მოძრაობა „ივერიის“ დამფუძნებელი და კულტურის ყოფილი მინისტრი ნიკა რურუა და ამ პროექტს „კახეთის ცხინვალიზაციის პროცესის უებარ რეცეპტად“ მოიხსენიებს. ნიკა რურუა ასევე არ გამორიცხავს, რომ ამ გზის მშენებლობაზე ყოფილიყო საუბარი ჩვენი ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში. „ეს იქნება ტრაგიკული შეცდომა და ჩვენი ქვეყნის რეალური დაქუცმაცების წინაპირობა. ეს არის, ბუნებრივია, სამხედრო გზა,“- აცახდებს ნიკა რურუა.
საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილე ბათუ ქუთელია კი ამბობს, რომ „როდესაც ვმსჯელობთ რუსეთთან დამაკავშირებელ დამატებით ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, გზა იქნება ეს, თუ გვირაბი, ბუნებრივია გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ რუსეთი არის მთავარი საფრთხე საქართველოსთვის. რუსეთს აქვს ოკუპირებული ჩვენი ტერიტორიის დიდი ნაწილი და 2008 წელს სწორედ ასეთი ინფრასტუქტურა იყო გამოყენებული მისი მხრიდან.“
საქართველოს ატლანტიკური საბჭოს თავჯდომარე დავით სიხარულიძე კი მოუწოდებს მთავრობას საკუთარი რესურსი აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფნის განვითარებისაკენ მიმართოს.
იგეგმება თუ არა რუსეთთან დასაკავშირებლი კიდევ ერთი გზის მშენებლობა - ამ საკითხზე ქართულ პოლიტიკურ სპექტრსა და მთავრობაში აზრთა სხვადასხვაობაა.