პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით არაბთა გაერთიანებულ საემიროებს ეწვია. აბუ-დაბის საერთაშორისო აეროპორტში დახვედრის ოფიციალური ცერემონიის შემდეგ საქართველოს მთავრობის მეთაური ალ მუშრიფის სასახლეში აბუ-დაბის ტახტის მემკვიდრეს, შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰიანს შეხვდება.
ტახტის მემკვიდრე საქართველოს დელეგაციას ოფიციალურ სადილზე უმასპინძლებს. დღის ბოლოს, პრემიერ-მინისტრი შეიხ ნაჰიანის სასახლეს ესტუმრება, სადაც არაბთა გაერთიანებული საემიროების კულტურის, ახალაგზრდობისა და მოსახლეობის განვითარების მინისტრისა და „დაბი ჯგუფის“ თავმჯდომარის შეიხ ნაჰიან ბინ მუბარაქ ალ ნაჰიანის სახელით ოფიციალური ვახშამი გაიმართება.
საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს, შედიან - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების მინისტრი, ვიცე-პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე და თანაინვესტირების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ბაჩიაშვილი.
17 სექტემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეხვედრებს გამართავს აბუ-დაბის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარესთან, აბუ-დაბის ტახტის მემკვიდრის, სამეფო კარისა და საინვესტიციო ჯგუფის თავმჯდომარესთან. აბუ-დაბიდან ირაკლი ღარიბაშვილი დუბაიში გაემგზავრება, სადაც დაგეგმილია შეხვედრა არაბთა გაერთიანებული საემიროების პრემიერ-მინისტრთან და დუბაის მმართველთან.