16 იანვარი 2026,   02:03
ვრცლად
აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება მოლაპარაკებების გასაახლებლად პირობებს აყენებს

საქართველოს მხრიდან ცეცხლის განუახლებლობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერას აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება გაეროსგან ითხოვს. მხოლოდ ამ პირობით არის თანახმა საუკუპაციო რეჟიმი გალის მოლაპარაკებები განაახლოს. ინციდენტების პრევენციის ჯგუფის შეხვედრები უკვე 2 წელია აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების პროტესტის გამო არ იმართება.

დე ფაქტო რესპუბლიკის წარმომადგენლების განცხადებების მოსმენამდე ჟენევის თანათავმჯდომარემ სოხუმს გალის ხუთმხრივ შეხვედრებში ჩართვა სთხოვა. პასუხი უცხოელმა დიპლომატმა დე ფაქტო პრემიერისგან მიიღო. ბესლან ბუთბამ გაეროს წარმომადგენელს აუცილებელ პირობად საქართველოს მხრიდან ცეცხლის განუახლებლობის დოკუმენტზე ხელმოწერა დაუყენა.

„ჩვენ ველოდებით საქართველოსგან ცეცხლის განუახლებლობის შესახებ დოკუმენტის ხელმოწერას, მართალია ომის შიში არ გვაქვს, მაგრამ ჩვენს პოლიტიკურ ელიტას ეს უნდა,“- აცახდებს ოკუპირებული აფხაზეთის პრემიერ-მინისტრი ბესლან ბუთბა.

ბუთბამ დასავლეთს ოკუპირებული აფხაზეთის მცხოვრებლებისთვის შენგენის ვიზების გაცემაც მოსთხოვა. სოხუმი მხოლოდ ამ პირობების შესრულების შემდეგაა თანახმა გალის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ჯგუფის შეხვედრაში ჩაერთოს.

ქართული მხარე მიიჩნევს, რომ რუსეთი მთავარი მიზანია კონფლიქტის მხარეებად ოკუპირებული აფხაზეთი და საქართველო წარმოაჩინოს, რაც ოფიციალურმა თბილისმა არ უნდა დაუშვას. საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანიაც აცხადებს, რომ 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთია კონფლიქტის მთავარი მხარე და არა აფხაზეთი, ან ოსეთი, მათ უნდა აიღონ პირველ რიგში ვალდებულება ცეცხლის განუახლებლობის შესახებ.

ოკუპირებული ტერიტორიის წარმომადგენლები ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ჯგუფის შეხვედრებში უკვე ორი წელია არ მონაწილეობენ, სოხუმმა უარი შეხვედრებში მონაწილეობაზე მას შემდეგ განაცხადა, რაც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი აჟეი ტიშკევიჩი აფხაზეთში პერსონა ნონ-გრატად გამოაცხადა.

ამავე თემაზე
დღის ამბები