საპარლამენტო უმრავლესობა საკომიტეტო ფორმატში ეკონომიკური გუნდის მოსმენას დადებითად აფასებს. ვიცე-მერი მანანა კობახიძე იმედოვნებს, რომ ასეთი გადაწყვეტილების შემდეგ პრეზიდენტი რიგგარეშე სხდომას აღარ მოიწვევს.
„ეს არის უფრო მისაღები ფორმატი, სამუშაო რეჟიმის ფორმატი, ვიდრე ის ფორმატი, რასაც გვთავაზობს ნაციონალური მოძრაობა, ე.წ. რიგგარეშე სხდომის ფორმატი. მათ თუ სურთ ამ საკითხებზე კითხვების დასმა, მინისტრების მოსმენა, ამის ადგილია საპარლამენტო კომიტეტში და ამის საშუალება ექნება ნებისმიერ დეპუტატს. ნაციონალური მოძრაობა მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური აჟიოტაჟისთვის იყენებს ამ უფლებას. ვფიქრობ, პრეზიდენტი მიიღებს გადაწყვეტილებას ბიუროს სხდომაზე უკვე გაჟღერებული გადაწყვეტილებიდან გამომდინარე და არა უმცირესობის მოთხოვნიდან გამომდინარე,” - აცხადებს მანანა კობახიძე.
უმრავლესობის გადაწყვეტილებას საკომიტეტო მოსმენის გამართვასთან დაკავშირებით დადებითად აფასებს თინა ხიდაშელიც და ამბობს, რომ მმართველმა გუნდმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო.
„მე გითხარით, რას აპირებს უმრავლესობა და არ მივიჩნევ საჭიროდ, რომ ნაციონალური მოძრაობის ყველა აკვიატებაზე, ყველა მოთხოვნაზე, ყველა წერილზე, ყველა ანეკდოტზე, რომელსაც ისინი მოყვებიან, კომენტარები ვაკეთო,” - აცხადებს თინა ხიდაშელი.
ნაციონალურ მოძრაობაში კი აცხადებენ, რომ მთავრობას პასუხები არა აქვს და პასუხისმგებლობას გაურბის.
„მთავრობა გაურბის პლენარულ სხდომაზე მოსვლას, როგორც ჩანს, მათ არა აქვთ არანაირი კონკრეტული გეგმა ქვეყნის კრიზისიდან გამოსაყვანად. სამწუხაროა, რომ უმრავლესობა ჩართულია ამ თამაშში. ქვეყნის ეკონომიკური კრიზისი არის გაცილებით მნიშვნელოვანი თემა, ვიდრე ერთ კომიტეტზე განსახილველი თემებია, ასევე გაცილებით მნიშვნელოვანია ეს საკითხი და პარლამენტში მხოლოდ ეკონომიკური გუნდი კი არა, მთელი მთავრობა უნდა მოვიდეს,” - ამბობს სერგო რატიანი.