13 იანვარი 2026,   10:28
ვრცლად
მურმან დუმბაძე მის მიმართ მუქარაზე საუბრობს

პარლამენტარი მურმან დუმბაძე მუქარის ზარებზე საუბრობს. ის ამბობს, რომ ბოლო 2 დღის განმავლობაში უცნობმა პირებმა ორჯერ დაურეკეს პირად ნომერზე და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. მისი თქმით, ადგილი აქვს მის მიმართ მუქარას და ეს ყველაფერი არის საფრთხის შემცველი.

დუმბაძე მიმართავს შინაგან საქმეთა მინისტრს, რათა უზრუნველყოს მისი, „როგორც „მოქალაქის და, როგორც პარლამენტის წევრის უსაფრთხოება“.

„წინააღმდეგ შემთხვევაში ჩავთვლი, რომ ეს არის ორგანიზებული ხელისუფლების მიერ“, - ამბობს დუმბაძე.

უმრავლესობის წარმომადგენლები ხელისუფლების კავშირს დუმბაძის მიმართ მუქარასთან გამორიცხავენ. ისინი აცხადებენ, რომ სიტუაციის ამ მდგომარეობამდე მიყვანით სხვა ძალები არიან დაინტერესებული და არა ხელისუფლება.

მურმან დუმბაძემ მმართველი პარტია „ქართული ოცნებიდან“ გასულ კვირას გარიცხეს იმ მოტივით, რომ ის არ უთანხმებდა გადაწყვეტილებებს ხელისუფლებას და ერეოდა აჭარის ხელისუფლების საქმიანობაში. დუმბაძემ 15 სექტემბერს დატოვა საპარალმენტო უმრავლესობა და ფრაქცია „ქართული ოცნებაც“, ის ოპოზიციაში გადავიდა, თუმცა კვლავ ინარჩუნებს პარლამენტის ვიცე-სპიკერის პოსტს. ის ამ თანამდებობაზე აჭარის დეპუტაციამ წარადგინა. დუმბაძე ამ თანამდებობიდან გადადგომას არ აპირებს. კანონმდებლობით დუმბაძის გადაყენება აჭარის დეპუტაციას შეუძლია, მაგრამ აჭარის წარმომადგენლებს შესაბამისი გადაწყვეტილება არ მიუღიათ.

იმ შემთხვევაში, თუ უმრავლესობა ეცდება დუმბაძის თანამდებობიდან გადაყენებას, დეპუტატი აპირებს სასამართლოში იჩივლოს.

მურმან დუმბაძემ მიმართა საქართველოს პრეზიდენტ, გიორგი მარგველაშვილსაც და მასთან შეხვედრა მოითხოვა. მისი თქმით, პრეზიდენტმა, როგორც მთავარმა არბიტრმა ეს საკითხები უნდა მოაგვაროს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები