ნოდარ ხადურმა დეპუტატებისთვის ანგარიშის ჩაბარება გასულ წლებში ჩატარებული სამუშაოებით დაიწყო. ფინანასთა მინისტრმა ის ფუნქცია-მოვალეობები ჩამოთვალა, რომელიც სამინისტროს ევალება. ხადურის განცხადებით, ბოლო ორი წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად შეიცვალა ბიუჯეტის სტრუქტურა.
„2013-14 წლების განმავლობაში ბიუჯეტის სტრუქტურაში შეიმჩნეოდა სოციალური მიმართულებით ხარჯების ზრდა, რაც გამართლებული იყო იმ მძიმე სოციალური ფონის გამო, რომელიც ქვეყანაში სუფევდა. ამავე პერიოდში მოხდა ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის პროგრამების, განათლების მიმართულებით ღონისძიებების დაფინანსება, გაიზარდა დევნილთა შემწეობები. განხორციელდა მეწარმეების ხელშეწყობის პროგრამის დაფინანსება,” - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.
ნოდარ ხადურის განცხადებით, 2014 წელს სახელმწიფო ბიუჯეტი შესრულდა, როგორც შემოსულობების, ისე გადასახადების თვალსაზრისით და დაგეგმილზე ნაკლები სახელმწიფო ვალი იქნა აღებული. მისი თქმით, შესაბამისად, საუბარი იმაზე, რომ ბიუჯეტი არ სრულდება, არასწორია.