13 იანვარი 2026,   10:27
ვრცლად
მმართველ გუნდს „ძველი მარგველაშვილი“ ენატრებ

მინისტრები და საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგნლები ფიქრობენ, რომ მარგველაშვილი „დღეს ის აღარა არის, ვისაც თავის დროზე მხარი დაუჭირეს“ და ამბობენ, რომ მას „დახმარება სჭირდება და არა ქება და დიდება და ამით დათვური სამსახურის გაწევა“.  

ამის შესახებ განცხადებები მმართველი გუნდის მხრიდან კიდევ ერთხელ დღეს მას შემდეგ გაკეთდა, რაც საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, ზაქარია ქუცნაშვილი  მარგველაშვილს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ ქუცნაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ  პრეზიდენტს აუხსნა და ისიც  დაეთანხმა, თუ რისი უფლებები აქვს და ამიერიდან  მარგველაშვილი მთავრობასთან შეუთანხმებლად მხოლოდ ისეთ ვიზიტებში წავა, რომლის მიზანი  მოლაპარაკებების გამართვა და რაიმე შეთანხმების მიღწევა არ იქნება. 

ამ შეხვედრის შემდეგ  ისიც ითქვა, რომ მარგველაშვილი საპარლამენტო უმრავლესობას შეხვდება და მათ კითხვებს პასუხს გასცემს.

კითხვები კი, როგორც ჩანს,  დაკავშირებული იქნება იმასთან, თუ რატომ შეიცვალა „ძველი გიორგი“  პრეზიდენტად გახდომის შემდეგ.  

„მე სხვა ტიპის პრეზიდენტს დავუჭირე მხარი და  დღეს ვხედავ სხვას. ძალიან მწყდება ამაზე გული... მე ვთვლი, რომ პრეზიდენტს სჭირდება დახმარება  და არა დათვური სამსახურის გაწევა და არა განდიდება და ქება-დიდება. მას სჭირდება დახმარება იმის გარკვევაში, თუ სად გადის მართლა პასუხისმგებლობის ხაზები,“ - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა ევროინტეგრაციის საკითხებში ალექსანდრე პეტრიაშვილმა.  

საპარალემენტო უმრავლესობისთვის დიალოგი მისაღებია, ნაწილი  კი ხაზს უსვამს იმას, რომ მარგველაშვილი პრეზიდენტის სტატუსის მინიჭების შემდეგ რადიკალურად შეიცვალა.  

„ჩვენ გვჭირდება ისეთი გიორგი, როგორიც გვყავდა და რა არის ამაში გასაცვიფრებელი? ასე უნდა ბატონ ალექსისაც, ასე მინდა მეც და ასე უნდა უამრავ ჩვენს თანამებრძოლს. ის ჩვენთან ერთად აღწევდა წარმატებას და ის ჩვენი  გუნდის უდიდესი  ძალისხმევით გახდა პრეზიდენტი.  მე ამას არავის არ ვაყვედრი, მაგრამ ეს ასეა.  ჩვენ მასთან ერთად და მის გარეშეც დავარწმუნეთ საზოგადოება, რომ მხარი დაეჭირათ გიორგი მარგველაშვილისთვის. დაეჭირათ იმ პროგრამისთვის, რომელიც ჩვენი, რა თქმა უნდა, მასთან ერთად შექმნილი და შედგენილი იყო. ამიტომ  ისევ  ასეთი გიორგი გვინდა და არა სხვანაირი,“ - ამბობს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, გიორგი ცაგარეიშვილი.   

დღის ამბები