საქართველოში საწვავი გაძვირდა. როგორც "ნავთობპროდუქტების მწარმოებელთა და იმპორტიორთა კავშირის"თავმჯდომარემ ვანო მთვრალაშვილმა "რუსთავი 2-თან" საუბრისას განაცხადა, საწვავის ფასი საშუალოდ 4-5 თეთრით გაიზარდა.
"საწვავი გაძვირდა "სოკარის," "ვისოლისა" და "გალფის" ბენზინგასამართი სადგურების ქსელში საშუალოდ 3-5 თეთრით. უახლოეს დღეებში კი ფასის მომატებას გეგმავენ "რომპეტროლი" და "ლუკოილი," ბევრად უფრო ადრე გაიზრდა საწვავის ღირებულება არაბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებზე," - აცხადებს მთვრალაშვილი.
"ნავთობპროდუქტების მწარმოებელთა და იმპორტიორთა კავშირში" საწვავის ფასის მატებას ორ ფაქტორს - ლარის გაუფასურებასა და მსოფლიო ბაზარზე ბენზინზე ფასის ზრდას უკავშირებენ. კავშირის ხელმძღვანელის ვანო მთვრალაშვილის ინფორმაციით, ერთ ტონა ბენზინზე ფასი საშუალოდ 150$-ით გაიზარდა.