14 იანვარი 2026,   20:13
ვრცლად
პატრულმა მოქალაქეს სცემა - პროკურატურის საპასუხო განცხადება

ნაციონალური მოძრაობის მიერ დღეს გავრცელებული ვიდეომასალის საპასუხოდ, სადაც ჩანს, რომ მოქალაქე პატრულს შეურაცხყოფას აყენებს, განცხადება გაავრცელა.

პროკურატურის განცხადებაში საუბარია იმაზე, რომ პატრულები მოქალაქეების ცემის გამო გათავისუფლდნენ სამსახურიდან.  

განცხადებაში ნათქვამია, რომ 2015 წლის 26 იანვარს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა მათთვის წინააღმდეგობის გაწევის ფაქტზე ადვოკატი იმედა წიკლაური, ძმა გიორგი წიკლაური და მათი თანმხლები პირი, ასევე ადვოკატი ლევან ავალიანი დააკავეს.

იმედა წიკლაურმა, რომელიც ნასვამი იყო, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს გაჩერების მიზეზის ახსნა მოსთხოვა, რაც სიტყვიერ შელაპარაკებაში გადაიზარდა.

პროკურატურის განცხადების თანახმადვე, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ისინი პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობის გაწევისათვის ბრალდებულის სახით დააკავეს, ხოლო ავალიანი - ადმინისტრაციული წესით.

"ზედამხედველი პროკურორის მიერ საქმეში არსებული მტკიცებულებების, მათ შორის პატრულ-ინსპექტორების სამკერდე კამერების და საპატრულო ეკიპაჟის ავტომანქანის კამერის მიერ განხორციელებული ვიდეოჩანაწერების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ ი. წიკლაურისა და გ. წიკლაურის მხრიდან რაიმე სახის დანაშაულის ჩადენის ფაქტს, კერძოდ, სამართალდამცველთა მიმართ რაიმე სახის იძულებას, რასაც თან ახლდა ძალადობა ან ძალადობის მუქარა, ადგილი არ ჰქონია, შესაბამისად, საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მიერ ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, უკანონოდ განხორციელდა ხსენებული პირების სსკ-ის 353-ე მუხლით ბრალდებულის სახით დაკავება. აღნიშნულიდან გამომდინარე, იმავე დღეს პროკურორის დადგენილებით ბრალდებულის სახით დაკავებული ი. წიკლაური და გ. წიკლაური გათავისუფლდნენ," - ნათქვამია განცხადებაში. 

აქ იმაზეც არის ლაპარაკი, რომ დაკავებისას დაშავდა იმედა წიკლაური. მისი განცხადებით, მან ხსენებული დაზიანებები მიიღო პატრულ-ინსპექტორების მხრიდან მისი ცემის შედეგად. იგი მოთავსებულ იქნა ჰოსპიტალში და ჩატარებული გამოკვლევების შედეგად დაუდგინდა თირკმლის დაჟეჟილობა. აღნიშნულზე დაინიშნა და მიმდინარეობს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა.

პროკურატურა აცხადებს, რომ ან მოქალაქეების მხრიდან პატრულის მიმართ ძალადობრივი ქმედებები არ განხორციელებულა. საპატრულო თანამშრომლების მხრიდან კი სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების და განზრახ უკანონო დაკავების შესაძლო ფაქტები გამოიკვეთა.

ამიტომ, პროკურატურის განმარტებით, საპტრული პოლიციის ეს თანამშრომლები სამსახურიდან გათავისუფლდნენ.  ხსენებული სისხლის სამართლის საქმე კი გამოსაძიებლად გადაეცა თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს.

"მასმედიის სხვადასხვა საშუალებით გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოსდა დაკავებულები პროკურორის სატელეფონო ზარის შემდეგ, სამართლებრივი საფუძვლის გარეშე გაუშვეს, არის ტყუილი და მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. ხაზი გვინდა გავუსვათ, რომ ბრალდებულები პროკურორის დადგენილების საფუძველზე გაათავისუფლეს, ვინაიდან ბრალდებულის სახით დაკავება მოხდა შესაბამისი სამართლებრივი საფუძლვების გარეშე და აშკარად ჰქონდა ადგილი მოქალაქეთა უფლებების უხეშ დარღვევას," - ნათქვამია განცხადებაში. 

 

დღის ამბები