პრეზიდენტ მარგველაშვილისთვის გაეროს კლიმატის ცვლილებების სამიტზე დაგვიანებით გაგზავნილ მიწვევაზე განმარტებებს აკეთებს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე. ის აცხადებს, რომ „რუსთავი 2“-მა შეცდომაში შეიყვანა საზოგადოება, როდესაც მიწვევის დაგვიანებით გაგზავნის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია.
მინისტრ მაია ფანჯიკიძის განცხადებით, საგარეო საქმეთა უწყებამ პირველად 25 თებერვლით დათარიღებული მოწვევა 2014 წლის 14 მარტს მიხეილ სააკაშვილის სახელზე მიიღო. გიორგი მარგველაშვილის სახელზე კი განმეორებით მიწვევა 30 მაისს მივიდა საგარეო უწყებაში. პრეზიდენტმა მარგველაშვილმა ამის შესახებ ცნობა საგარეო საქმეთა სამინისტროდან 11 ივნისს მიიღო.
„როდესაც „რუსთავი 2“ აქვეყნებს 2 უწყების მიმოწერას და ეს ხდება ისე, რომ მეორე უწყებამ, ანუ საგარეო საქმეთა სამინისტრომ არაფერი არ იცის, ეს არის არაკოლეგიალობის უდიდესი გამოხატულება პირველ რიგში, მაგრამ ამავე დროს სახელმწიფოს დამაზიანებელი მოქმედება. თანაც, საიდან უვარდება ხელში ეს მიმოწერა „რუსთავი 2“-ს, თუ არა პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან? ნუ ეწევიან დეზინფორმაციას და თუკი ამბობენ ერთს, თქვან მეორეც და საზოგადოება ნუ შეყავთ შეცდომაში. რაც მთავარია ნუ აზიანებენ სახელწმიფოს ინტერესებს. გამოაქვეყნონ ის რეალური მიზეზი, თუ რატომ ვერ მიდის პრეზიდენტი ამერიკის შეერთებულ შტატებში. მე არ მინდა ამ თემაზე საუბარი სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით“, - ამბობს მაია ფანჯიკიძე.