09 იანვარი 2026,   23:46
ვრცლად
ეს არის ანექსიის პოლიტიკის გაგრძელება - საგარეო უწყება ხელშეკრულების გაფორმებას ეხმიანება

საგარეო საქმეთა სამინისტრო "გმობს ე.წ. "ხელშეკრულების" ხელმოწერას, რომელიც მიმართულია საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ და აფხაზეთის რეგიონის მსგავსად, წარმოადგენს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ფაქტობრივ ანექსიას."

ასე ეხმიანება მოსკოვში დღეს გაფორმებულ ხელშეკრულებას საგარეო საქმეთა სამინისტრო.

უწყებამ სპეციალური განცხადება გაავრცელა, სადაც წერია, რომ რუსეთის ფედერაციასა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმს შორის ხელმოწერილი ე.წ. "ხელშეკრულებას მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ" არის ნაბიჯი, რომელიც „ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლით დადგენილ წესრიგს და ძირს უთხრის გაეროს ქარტიითა და ჰელსინკის აქტით დადგენილ ისეთ ფუნდამენტურ პრინციპებს, როგორიცაა სახელმწიფოთა სუვერენული თანასწორობა, საზღვრების ურღვევობა, ტერიტორიული მთლიანობა და საერთაშორისო სამართლით ნაკისრი ვალდებულებების კეთილსინდისიერად შესრულება.”

საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთი აგრძელებს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის პროცესს.

„საქართველოს მიმართ ამგვარი პოლიტიკა რეგიონში მიმდინარე მოვლენებთან ერთად ცხადყოფს, რომ რუსეთის ფედერაცია არ ეგუება სუვერენული სახელმწიფოების არჩევანს და ცდილობს რეგიონში გავლენის სფეროების აღდგენას, მათ შორის სამხედრო ძალის, ოკუპაციის, ანექსიისა და სხვა დესტრუქციული მეთოდების გამოყენებით. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, შესაბამისი სამართლებრივი და პოლიტიკური შეფასება მისცეს რუსეთის მორიგ უკანონო ქმედებას და გადადგას ქმედითი ნაბიჯები რუსეთის პოლიტიკის აღსაკვეთად, მათ შორის უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნის გზით,” - წერია განცხადებაში.

ამავე თემაზე
დღის ამბები