კოალიცია ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს მდივანი პარტიის პოლიტსაბჭოში უფლებამოსილებას დროებით იჩერებს.
ამის შესახებ განცხადება არმაზ ახვლედიანმა დღეს გაავრცელა.
ის პოლიტსაბჭოს სხდომაზე ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში გასული მისი ინტერვიუს გამო გაკეთებული უსაფუძვლო კომენტარების განხილვას ითხოვს.
ახვლედიანის განცხადებით, ინტერვიუს, რომელიც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურას ეხებოდა, არასწორი ინტერპრეტაცია მოჰყვა.
„ვითვალისწინებ, რომ ახლა პარლამენტმა უნდა მიიღოს ქვეყნისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება და აირჩიოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე. არ მსურს, ჩემი ინტერვიუს საბაბით დაწყებულმა გაუგებრობამ, თუნდაც ოდნავ შეუშალოს ხელი დეპუტატების არჩევანს. ამიტომ საჭიროდ მივიჩნევ, პარტია ქართული ოცნების პოლიტსაბჭოში შევიჩერო უფლებამოსილება, სანამ პოლიტსაბჭოს სხდომაზე არ განიხილება აღნიშნული ინტერვიუს გამო აგორებული უსაფუძვლო კომენტარების საკითხი,” - აცხადებს არმაზ ახვლედიანი.
სხვა დეტალების დაზუსტებისგან ის ჯერჯერობით თავს იკავებს.