„ძაღლებს არავინ არ დახოცავს,” - ეს განცხადება "ცხოველთა მონიტორინგის ცენტრის" ხელმძღვანელმა თემურ ფხალაძემ „რუსთავი 2-თან” საუბრისას გააკეთა. ფხალაძე აცხადებს, რომ შეიარაღება სააგენტოს თანამშრომლებისათვის ძაღლების მოსაკლავად არ სჭირდებათ.
„ხშირად არის ტურაზე ან მგელზე გამოძახება, რომელიც მტაცებელია და შინაურ ცხოველებს ესხმის თავს, ასეთ შემთხვევაში არის აუცილებელი მათი ბუნებიდან ამოღება. ჩვენ არ ვაპირებთ ძაღლების დახოცვას, ეს არის გამორიცხული. მე რაც ამ ცენტრს ვხელმძღვანელობ, დაინერგა ჰუმანური სტანდარტები,” - აცხადებს ფხალაძე.
თემურ ფხალაძემ "რუსთავი2-თან" საუბრისას განაცხადა, რომ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოსდა მის სახელს უკავშირდება წლების წინ თბილისში ძაღლების თოფებით დახოცვის ამბები, აბსურდულია.
„ეს არის სრული აბსურდი. ეს მოვლენები უკავშირდება 2007 წელს "შპს დებიუტს," რომელსაც ჰქონდა ცხოველების მართვის ვალდებულება. ეს ხდებოდა მაშინ და არა ჩემს პერიოდში. მე ვცდილობ ჩვენი ცენტრი, რაც შეიძლება, უფრო ჰუმანური გახდეს,” - განაცხადა თემურ ფხალაძემ.
ცხოველთა მონიტორინგის ცენტრის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ მის პერიოდში თბილისში აშენდა თავშესაფარი, შეიცვალა ცხოველთა დაძინების და ამოღების წესი და დამოკიდებულება უფრო ჰუმანური გახდა ცხოველისადმი.
”რუსთავი 2-თან” საუბრისას თენგიზ ფხალაძემ ახალ რეგულაციებთან დაკავშირებითაც ილაპარაკა. ფხალაძე აცხადებს, რომ რეგულაციები ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაშია.
„აუცილებელია ჩიპის ჩამონტაჟება, იარლიყით დანიშვნა ან ტატუირება, რათა მოხდეს ცხოველის იდენტიფიცირება, ეს არის საერთაშორისო ნორმა და ყველაზე ცივილიზებული მეთოდი,” - აცხადებს თემურ ფხალაძე.
მისივე განცხადებით, უბრალო ჩიპის ფასი 5-დან 20 ევრომდე მერყეობს.