საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ზალკანიანმა „რუსთავი2“-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „ვიზიტი შედგება მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც არის ორივე მხარის თანხმობა. ერთი არის სურვილი, რომ გაემგზავრო, ხოლო მეორე არის სურვილი მიმღები მხარის, რომ მიგიღოს“.
ეს კომენტარი მან იმ ბრალდების საპასუხოდ გააკეთა, თითქოს მარგველაშვილის აშშ-ში ვიზიტი საგარეო საქმეთა სამინისტრომ ჩაშალა.
ზალკანიანის განცხადებამდე საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ის პრეზიდენტის ადმინისტრაციას სთხოვს, გამოაქვეყნონ რეალური მიზეზი, თუ რატომ ვერ მიდის პრეზიდენტი აშშ-ში. ფანჯიკიძის თქმით, თვითონ ამ საკითხზე, სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე არ საუბრობს.
ამ განცხადებიდან რამდენიმე წუთში კი ზალკანიანმა დააზუსტა, რომ მარგველაშვილის ვიზიტის ჩაშლის მიზეზი მისმა მრჩეველმა თენგიზ ფხალაძემ იცის და ამის შესახებ მას უნდა ჰკითხონ.
"ეს უპასუხისმგებლო განცხადებაა. ეს არის არაკომპეტენტურობის გამოვლინება პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მომუშავე ადამიანების, რომლებიც მის საგარეო ვიზიტზე მუშაობენ. არ შეიძლება ვიზიტის დაგეგმვა საგარეო საქმეთა სამინისტროს გვერდის ავლით. როდესაც მიდიხარ ამერიკის შეერთებულ შტატებში და ხელში გაქვს მხოლოდ ერთი შეხვედრა და ბოლოს იწყებ ზრუნვას, რითი დატვირთო დანარჩენი შეხვედრები, მიხვალ იმ შედეგებამდე, რაც მივიღეთ. როდესაც მსოფლიო ბანკთან და სავალუტო ფონდთან საგარეო საქმეთა სამინისტროს გვერდის ავლით, უფრო მეტიც, ფინანსთა სამინისტროს გვერდის ავლით, რომელიც მთავარი კომუნიკატორია საქართველოს, მსოფლიო ბანკსა და სავალუტო ფონდს შორის, მიდიხარ, იბარებ მის წარმომადგენელს საქართველოში, ეუბნები, რომ ვიზიტის ორგანიზებაში დამეხმარე - ეს არის არაკომპეტენტურობის გამოვლინება, რომელიც ჩვენს იმიჯს ძალიან დიდ ზიანს აყენებს", - განაცხადა ზალკალიანმა.
მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო არ მუშაობდა პრეზიდენტის გაერო-ში ვიზიტზე არამედ მუშაობდა პრემიერის ვიზიტზე და აქედან გამომდინარე, საგარეო უწყება პრეზიდენტის ვიზიტს ვერ ჩაშლიდა.
რაც მთავარია. ის აკეთებს მინიშნებას, რომ მარგველაშვილის ვიზიტი ამერიკულ მხარეს არ სურდა. თუმცა, ამის მიზეზებზე არ საუბრობს.
"თუ რატომ ჩაიშალა, ამის მიზეზი ჰკითხეთ ბატონ თენგიზ ფხალაძეს, მან ეს ძალიან კარგად იცის. ვიზიტი შედგება მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც არის ორივე მხარის თანხმობა. ერთი არის სურვილი, რომ გაემგზავრო, ხოლო მეორე არის სურვილი მიმღები მხარის, რომ მიგიღოს. მე მეტს არაფერს ვიტყვი, რომ არ დავაზიანო ჩვენი ქვეყნის ინტერესები. დანარჩენი ჰკითხეთ ბატონ ფხალაძეს", - განაცხადა ზალკალიანმა.