ადვოკატი ოთარ კახიძე, რომელიც თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილ უფროსის ალექსანდრე ნინუას ინტერესებს იცავს, ექსპერტიზის ბიუროს დასკვნას ასაჯაროებს და მას „ანეკდოტურს“ უწოდებს.
დღეს გამართულ ბრიფინგზე ოთარ კახიძემ ექსპერტიზის ის დასკვნა წარმოადგინა, რომლის საფუძველზეც ყოფილ მაღალჩინოსანს ბრალი სახელმწიფო ბიუჯეტის თანხების გაფლანგვისთვის წარუდგინეს. საქმე ეხება სამხედრო ავტომობილების შეძენის ფაქტს. დასკვნაში ნათქვამია, რომ შეძენილი სამხედრო ავტომობილების საბაზრო ღირებულება ბევრად ნაკლები იყო, ვიდრე მათ შესაძენად სამინისტროს მიერ გადახდილი თანხა. ოთარ კახიძე აცხადებს, რომ ეს დასკვნა ექსპერტიზის ბიურომ გაზეთში გამოქვეყნებულ განცხადებებზე დაყრდნობით მიიღო.
„ამის საფუძველზე ბრალდების წარდგენა არის აბსოლუტურად დაუშვებელი. არც ერთი მოდელი, რომელიც თავდაცვის სამინისტროს აქვს შეძენილი, „სიტყვა და საქმის“ ამ წარმოდგენილ განცხადებებში არ გვხვდება და პრაქტიკულად, სახეზე გვაქვს ანეკდოტური სიტუაცია, როდესაც მაღალი გამავლობის სამხედრო დანიშნულების მანქანები შეფასდა ბეტონშემრევი მანქანების ღირებულებით,“- განაცხადა ადვოკატმა.