15 იანვარი 2026,   06:21
ვრცლად
უვადო სასჯელს დღეისთვის 104 პატიმარი იხდის, - შავგულიძე

უვადოდ მისჯილ პატიმართა სასჯელის გადახედვის ინიციატივა მომავალ წელს 3-4 მსჯავრდებულს შეეხება, მიმდინარე წელს – არც ერთს.

ამის შესახებ განცხადება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პროექტის ერთ-ერთმა ავტორმა, შალვა შავგულიძემ  ოპოზიციის კრიტიკის საპასუხოდ გააკეთა. „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებას ადანაშაულებს იმაში, რომ მათ უვადო პატიმრობის შესახებ ცვლილების მიღება არუთინიანის გასათავისუფლებლად უნდათ.  

შალვა შავგულიძემ ოპოზიციის პასუხად დღეს ხაზგასმით აღნიშნა, რომ კანონში დაგეგმილი ცვლილებები არც ერთ კონკრეტულ პირს არ უკავშირდება.

მისი თქმით, დღეისთვის უვადო სასჯელს დაახლოებით 104 პატიმარი იხდის და აღნიშნავს, რომ კანონში დაგეგმილი ცვლილებები წელს არავის შეეხება, მომავალ წელს კი, 3-4 უვადოდ მისჯილ მსჯავრდებულზე 15 წლის შემდეგ გადახედვასთან დაკავშირებული ცვლილება გავრცელდება. ამასთან, მისივე თქმით, ეს ცვლილება მომავალ წლებშიც სულ რამდენიმე პატიმარს შეეხება.

ცნობისთვის, პარლამენტი "საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში" დაგეგმილ ცვლილებებს იხილავს. კანონპროექტით ხდება უვადოდ თავისუფლებააღკვეთილი პირის სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლების, ან სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლის საკითხის განხილვისთვის დადგენილი ვადების შემცირება. კერძოდ, მსჯავრდებული უვადო თავისუფლების აღკვეთის მოხდისაგან შეიძლება გათავისუფლდეს, თუ მან ფაქტობრივად მოიხადა თავისუფლების აღკვეთის 20 წელი (ნაცვლად დღეს არსებული 25 წლისა), ხოლო საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ან თავისუფლების შეზღუდვით შეცვლისათვის აუცილებელია, რომ მსჯავრდებულს მოხდილი ჰქონდეს თავისუფლების აღკვეთის 15 წელი (ნაცვლად 20 წლისა). შესაბამის გადაწყვეტილებას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭო იღებს.

კანონპროექტის ინიციატორები არიან დეპუტატები: გიორგი ვოლსკი, ეკა ბესელია, გოგი თოფაძე, ვახტანგ ხმალაძე, ანი მიროტაძე, გიგა ბუკია, შალვა შავგულიძე.

 

 

დღის ამბები