საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გერმანიაში ვიზიტის დროს ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა სააგენტო `როიტერს`, სადაც ევროკავშირთან და რუსეთთან ურთიერთობაზე ილაპარაკა. კითხვაზე: რა ვადებში ვარაუდობს პრემიერი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას, მან უპასუხა, რომ ყველაზე ლოგიკური 10 წელი იქნება.
პრემიერმა ხაზი გაუსვა კონსტრუქციულ პოლიტიკას რუსეთთან, რომელსაც ქვეყანა დასავლური კურსის პარალელურად ატარებს. მისი თქმით, რუსეთისგან არასდროს ყოფილა მსგავსი სიგნალი ან პროვოკაცია, რამაც უკრაინას ასოცირების შეთანხმების ხელმოწერაში შეუშალა ხელი, თუმცა ეს მოდუნების საშუალებას არ იძლევა.
`10 წელი ძალიან ლოგიკურია ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. შეიძლება მეტი ან ნაკლებიც. ეს ჩვენზეა დამოკიდებული. იმაზე, თუ რამდენად სწრაფად მოვახდენთ ქვეყნის მოდერნიზებას, რამდენად სწრაფად განვავითარებთ ეკონომიკას და ვუპასუხებთ ევროკავშირის მოთხოვნებს.
ასოცირების შეთანხმებას ქვეყნის ევროპიზაციის და მოდერნიზაციისთვის მთავარ გეგმად მივიჩნევთ. ჩვენ ძალიან მოტივირებულები ვართ, რომ შევასრულოთ ყველა ვალდებულება. რაც შეეხება რუსეთს, ერთი მხრივ, კონსტრუქციული ურთიერთობა გვაქვს, მათთან ურთიერთობის ნორმალიზებას ვცდილობთ. მეორე მხრივ კი მივდივართ ევროკავშირისკენ. საქართველოს საგარეო პოლიტიკა დასავლეთზე მტკიცედ არის ორიენტირებული და გვაქვს მყარი ევროპული ინტერესები. საქართველომ დაამტკიცა, რომ ახალი მთავრობა ძალიან სტაბილური, პროგნოზირებადი, კონსტრუქციული და პრაგმატულია, რომელსაც სურს ურთიერთობების ნორმალიზება ყველა მეზობელ ქვეყანასთან, განსაკუთრებით კი რუსეთთან,`- განუცხადა როიტერს ირაკლი ღარიბაშვილმა.