პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი გიორგი მარგველაშვილის სიტყვით გამოსვლას საკანონმდებლო ორგანოში დადებითად აფასებს.
უსუფაშვილი ფიქრობს, რომ პრეზიდენტის მიერ გაკეთებული აქცენტების შესახებ მსჯელობა საკანონმდებლო ორგანოში გაგრძელდება.
"სასაუბრო ბევრი გვაქვს, ბევრს გვაქვს სათქმელი. იმ იმედით, რომ გვექნება საშუალება ყველა იმ საკითხზე, რაზეც საქართველოს პრეზიდენტმა მოგვახსენა, რომელზეც დღეს სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენლებმა გაამახვილეს ყურადღება, კიდევ ვისაუბრებთ სხვადასხვა კონტექსტში, სხვადასხვა საკითხების გადაწყვეტისას, კანონების მიღების დროს, დებატების დროს.
"ჩვენ დღეს ყველამ შევძელით გასული წლის უმთავრესი მიღწევების თუ პრობლემების წარმოჩენა. ეს იყო ხანგრძლივი პერსპექტივის ანალიზი. ასევე მომავალი წლის განმავლობაში გვექნება ამ და სხვა თემებზე საუბარი და ერთი წლის შემდეგ, როცა პრეზიდენტი ჩვენთან მობრძანდება, გვექნება უკეთესი მდგომარეობა. ეს არის ჩვენი იმედი და გულწრფელი სურვილი. დარწმუნებული ვარ, ყველას ეს გვინდა, უბრალოდ, გვინდა სხვადასხვა გზით და საშუალებებით," - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.