"ჩვენ დავანგრიეთ სასჯელაღსრულების ის სისტემა, რომელიც აწყობილი იყო ადამიანების წამებასა და შეურაცხყოფაზე," - ამის შესახებ სასჯელაღსრულების მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა სახალხო დამცველის ანგარიშთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე განმარტებით, მიუხედავად რეფორმებისა, სისტემაში პრობლემები ჯერ კიდევ რჩება, რომლის აღმოფხვრაზეც უწყება მუშაობს.
"ძალიან ბევრი რამ გაკეთდა სასჯელაღსრულების სისტემაში. ამას საერთაშორისო ორგანიზაციებიც აღიარებენ. ჩვენ, ფაქტობრივად, დავანგრიეთ ის სისტემა, რომელიც აწყობილი იყო ადამიანის შეურაცხყოფაზე, წამებაზე და ჩამოვაყალიბეთ ინსტიტუტი, რომელიც ფოკუსირებულია ადამიანის უფლებათა დაცვაზე. მიუხედავად ამისა, სისტემაში კიდევ ბევრი რამაა გასაკეთებელი. ბევრი გამოწვევაა. სწორედ ამისთვის არის ჩემ მიერ ინიცირებული რეფორმის კანონპროექტი, რომელსაც დღეს პარლამენტი იხილავს. აქედან გამომდინარე, მე არ უარვყოფ იმას, რომ სასჯელაღსრულების სისტემაში პრობლემებია, მაგრამ ჩვენ ვართ ამ პრობლემების გადაჭრის პროცესში. ყველაფერს თავისი დრო აქვს," - განაცხადა მღებრიშვილმა.
რაც შეეხება მე-7 დაწესებულებას, მინისტრის თქმით, მისი დახურვა-არდახურვის საკითხზე საუბარი მხოლოდ მას შემდეგ გახდება შესაძლებელი, რაც მაღალი რისკის მქონე პატიმრებისთვის ახალი დაწესებულება აშენდება.
"მე-7 დაწესებულება არის განკუთვნილი მაღალი რისკის პატიმრებისთვის. სწორედ ასეთი პატიმრებისთვის შენდება ლაითურში ციხე, რომელიც თანამედროვე ევროსტანდარტებთან იქნება მიახლოებული. სწორედ ამის შემდგომ გახდება შესაძლებელი საუბარი მე-7 დაწესებულების დახურვა-არდახურვაზე," - აღნიშნა გიორგი მღებრიშვილმა.