საპარლამენტო ოპოზიცია შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივას, პოლიციელთათვის უფლებამოსილების გაზრდასთან დაკავშირებით სკეპტიკურად უყურებს. ნაციონალური მოძრაობის წევრები მიიჩნევენ, რომ კანონში ცვლილება ქვეყანაში კრიმინალურ ვითარებას ვერ გამოასწორებს.
"საქართველოს ხელისუფლების ნებაა, ივანიშვილის ხელმძღვანელობით, რომ წინა პლანზე წამოიწიოს კრიმინალი, ორგანიზებული დანაშაული, რომ მათ ქონდეთ გარკვეული პრივილეგიები და პოლიცია იყოს უკანა ხაზზე გადმოწეული," - აცხადებს აკაკი მინაშვილი და მიიჩნევს, რომ კანონში ცვლილებები, გარკვეული მცდელობაა - თვალი აუხვიონ საზოგადოებას.
"როდესაც ვიცეპრემიერი კალაძე წითელი ხალიჩებით აცილებს კანონიერ ქურდებს, როდესაც ქალბატონი ბესელია, ბატონი ფოფხაძე მძიმე დანაშაულში მსჯავრდებულებს ამნისტიით უშვებს გარეთ, კანონში ცვლილებები, გარკვეული მცდელობაა, რომ კიდევ ერთხელ მოატყუონ საქართველოს მოქალაქეები," - განმარტავს მინაშვილი.
კანონში არ არის პრობლემა - აცხადებს გიორგი გაბაშვილი. მისი თქმით, არსებული კანონებითაც შეიძლება პოლიციამ ძალიან ეფექტურად იმუშაოს. ნაციონალური მოძრაობის წევრი ხელისუფლებას კრიმინალურ სამყაროსთან გარიგებაში ადანაშაულებს.