თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე ადასტურებს, რომ ყოფილ თავდაცვის მინისტრს, ირაკლი ალასანიას საფრანგეთში ვიზიტისას ნამდვილად დაურეკა.
"რაც შეეხება იმას, დავურეკე თუ არა თავდაცვის მინისტრს, კი, დავურეკე. იყო განცხადება იმის თაობაზე, თითქოს მე შევცვალე ჩემი პოზიცია. არსად არ მითქვამს, რომ არ დამირეკავს. დავურეკე, რომ გარკვეულიყო რაღაც პროცედურები.
მინდია ჯანელიძემ ალასანიას მიერ საფრანგეთში ხელმოწერილი მემორანდუმით გათვალისწინებული ვალდებულებებიც განმარტა და აღნიშნა, რომ მასზე ხელის მოწერა არ ითვალისწინებდა ხელშეკრულების გაფორმებას.
"მემორანდუმი, რომელსაც ხელი მოეწერა, არანაირად არ ითვალისწინებდა ხელშეკრულების გაფორმებას. რაც შეეხება იმას, რომ მემორანდუმს ვადა ამოეწურა, ხელშეკრულება კი გაფორმებული არ არის, ამაზე მოდით, ნდობის ჯგუფში ვილაპარაკოთ. მემორანდუმი თავისთავად არ ითვალისწინებდა ხელშეკრულების გაფორმებას," - განაცხადა მინდია ჯანელიძემ.
თავდაცვის მინისტრმა ასევე ისაუბრა ირაკლი ალასანიაზე და მის მიერ საიდუმლო საკითხებზე საუბრით შესაძლო კანონის დარღვევაზე. ჯანელიძემ განაცხადა, რომ სამართლებრივ შეფასებას ამ თემასთან დაკავშირებით ის ვერ გააკეთებს. მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ არსად არ უთქვამს, რომ ალასანიამ კანონი დაარღვია ან დანაშაული ჩაიდინა.
"მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება არ დაარღვიო კანონი, შეიძლება ზიანი მიაყენო ქვეყნის ინტერესებს და ჩემი რჩევა იქნება ამ ფორმატში ნაკლებად ვისაუბროთ ამ საკითხზე," - განაცხადა მინდია ჯანელიძემ.