შალვა აბულაძის საქმეში ახალი ადვოკატი ერთვება. მის ინტერესებს სახაზინო ადვოკატი აღარ დაიცავს.
ამის შესახებ დღეს საქალაქო სასამართლოში მისი პროცესის დაწყების წინ გახდა ცნობილი.
როგორც სახაზინო ადვოკატმა, თამარ გაჩეჩილაძემ, განაცხადა, ოჯახმა სხვა ადვოკატი აიყვანა და ის დღეს პროცესზე თვითაცილების შუამდგომლობას დააყენებს. მის ნაცვლად კი აბულაძის ინტერესებს ადვოკატი არჩილ ჩუბინიძე დაიცავს, რომელიც ბრალდებულს ბორჯომში მომხდარი მკვლელობის საქმეზე იცავდა.
საქალაქო სასამართლოში პროცესი, სადაც აბულაძის აღკვეთ ღონისძიებად შეფარდებული პატიმრობის დადასტურების საკითხზე იმსჯელებენ, 13 საათზე დაიწყო. სხდომას ბრალდებულიც ესწრება.
აბულაძის მიმართ ბრალის დაზუსტება მოხდა და ასევე ორი მკვლელობის საქმე ერთ საქმედ გაერთიანდა.
ორი პოლიციელის მკვლელობასა და ორის დაჭრაში ბრალდებულ შალვა აბულაძეს 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ან უვადო პატიმრობა ემუქრება.