10 იანვარი 2026,   04:41
ვრცლად
პროკურატურა ადეიშვილის ინტერპოლით ძებნილთა სიიდან ამოღებას ადასტურებს

საქართველოს მთავარი პროკურატურა ზურაბ ადეიშვილის ინტერპოლით ძებნილთა სიიდან ამოღებას ადასტურებს.

ამასთან დაკავშირებით პროკურატურამ საგანგებო განცხადება გაავრცელა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ 2015 წლის 9 აპრილს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მიიღო ინტერპოლის გენერალური სამდივნოს წერილი, რის საფუძველზეც ქართულ მხარეს ეცნობა, რომ ინტერპოლის გენერალური სამდივნოს მიერ გაუქმდა ზურაბ ადეიშვილის მიმართ გამოცემული წითელი ცირკულარი.

"ინტერპოლის გენერალურმა სამდივნომ ზ. ადეიშვილის მიმართ საერთაშორისო ძებნის გაუქმების ძირითად საფუძვლად მიუთითა ქართული მხარისათვის უცნობი ერთ-ერთი სახელმწიფოს მიერ ზ. ადეიშვილისთვის მინიჭებული ლტოლვილის სტატუსი," - ნათქვამია განცხადებაში.

ამასთნ, ამ განცხადებაში იმაზეც არის საუბარი, რომ "ინტერპოლის გენერალურმა სამდივნომ ზ. ადეიშვილის მიმართ საერთაშორისო ძებნის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო ისე, რომ ქართული მხარისგან არ მოუთხოვია დამატებითი არგუმენტაციის ან შესაბამისი  დოკუმენტაციის წარდგენა".

"ქართული მხარისთვის ხსენებული ფაქტი ცნობილი გახდა მას შემდეგ, რაც ძებნილი პირის მიმართ გაუქმდა წითელი ცირკულარი. შესაბამისად, საქართველოს მთავარი პროკურატურა საკითხის განხილვის პროცესში მოკლებული იყო შესაძლებლობას, რათა ზ. ადეიშვილის მიმართ ძებნის გაგრძელების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით დამატებით საკუთარი არგუმენტაცია წარედგინა ინტერპოლის გენერალური სამდივნოსთვის," - ნათქვმია განცხადებაში. 

უახლოეს პერიოდში საქართველოს მთავარი პროკურატურა გეგმავს მითითებულ საკითხთან დაკავშირებით კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი პროცედურების განხორციელებას. 

ამავე თემაზე
დღის ამბები