რუსეთსა და აფხზეთს შორის ახალი ხელშეკრულების პროექტზე მარგველაშვილი უშიშროების საბჭოსთან 28 ოქტომბერს იმსჯელებს.
უშიშროების საბჭოს მოწვევის გადაწყვეტილება პრეზიდენტმა უკვე მიიღო და ინფორმაცია პრეზიდენტის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ პრეზიდენტმა უკვე გააკეთა განცხადება იმ საფრთხესთან დაკავშირებით, რასაც ეს ხელშეკრულება ქმნის რეგიონში და პარლამენტსაც მიმართა, რათა ამ საკითხზე ემსჯელა.
"გაუარესებულ სამხედრო-პოლიტიკურ ვითარებაში ქვეყნის თავდაცვის ორგანიზაციის მიზნით კოორდინირებული ნაბიჯების დასაგეგმად ვიწვევ საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომას ა.წ. 28 ოქტომბერს 15:00 საათზე," - ნათქვამია განცხადებაში.
აქვე ისიც არის აღნიშნული, რომ პრეზიდენტი იზიარებს "პარლამენტის პოზიციას, რომლის მიხედვითაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება პრიორიტეტულ თემად უნდა იქცეს საგარეო ურთიერთობების კონტექსტში როგორც ორმხრივი შეხვედრებისას, ისე საერთაშორისო ფორუმებზე უსაფრთხოების საკითხებზე მსჯელობისას. ამ პრიორიტეტს დავეყრდნობით საგარეო ურთიერთობებში ქვეყნის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელების პროცესში."