"მეხანძრის როლს ასრულებს ჩვენი პრემიერი. ჯერ რაღაც უბედურება მოხდება ქვეყანაში, შემდეგ ხდება ამ შეცდომებზე საუბარი, მინისტრთა კაბინეტის დატუქსვა," - ასე აფასებს თავისუფალი დემოკრატების წევრი, გიორგი ცაგარეიშვილი მთავრობის სხდომაზე ელექტროენერგიის ტარიფის შესაძლო გაზრდაზე გაკეთებულ განცხადებებს.
როგორც ცაგარეიშვილი აღნიშნავს თავისუფალ დემოკრატებს ეჭვი არ ეპარებათ, რომ ელექტროენერგიის საფასური ქვეყანაში მოიმატებს.
ოპოზიციაში ამტკიცებენ, რომ ელექტროენერგიის ტარიფის გაძვირება გარდაუვალია. ნაციონალური მოძრაობის წევრი მიხეილ მაჭავარიანი აცხადებს, რომ ამ თემაზე ისინი ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ საუბრობდნენ.
"სამწუხარო პროგნოზი ჯერ კიდევ თებერვალში გავაკეთეთ, ელექტროენერგიის და გაზის ტარიფთან დაკავშირებით, მთავრობის არასწორი პოლიტიკის და ენერგეტიკის სამინისტროს არაფრის კეთების გამო," - აცხდებს მიხეილ მაჭავარიანი.
მთავრობის სხდომაზე ელექტროენერგიის ტარიფთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას ნაციონალური მოძრაობის კიდევ ერთი წევრი ზურაბ მელიქიშვილი გამოეხმაურა.
"კანონის მიხედვით, არა თუ საქმის წარმოება არის საჯარო, არამედ მარეგულირებელი კომისიის ნებისმიერი სხდომაც საჯაროა ნებისმიერი მოქალაქისთვის, განსაკუთრებით, სადაც იხილება ტარიფის შესაძლო ზრდა" - განაცხადა მელიქიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ დღევანდელ მთავრობის სხდომაზე პრემიერმა განაცხადა, რომ ამ ეტაპზე ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდა არ იგეგმება.