პატიმარ რუსლან სოსელიას გაქცევის საქმეზე სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გარე დაცვისა და ბადრაგირების მთავარი სამმართველოს ქუთაისის განყოფილების 3 თანამშრომელი დააკავეს.
დაკავებულების მიმართ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს პატიმრობის ან თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების თანამშრომლის მიერ შესაბამის დაწესებულებაში დადგენილი წესის შეუსრულებლობას, ან არაჯეროვნად შესრულებას მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო. (რასაც შედეგად მოჰყვა პატიმრობის ან თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან ან ბადრაგირებისას გაქცევა, ანდა პატიმრობის ან თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების საქმიანობის დეზორგანიზაცია). საქმეს დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურა იძიებს.
პატიმარი რუსლან სოსელია, რომელიც ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოდან გაქცევის შემდეგ სოფელ რუხში დააკავეს, ამ დრომდე სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციაში იმყოფება. იგი გალის რაიონში გადასვლას ცდილობდა. სოსელიას უახლოეს დღეებში ისევ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დააბრუნებენ.
პატიმარი ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში გეგუთის მე-14 ციხიდან გადაიყვანეს. ორი დღის წინ კი კლინიკის მე-2 სართულის ფანჯრიდან გადახტა და მიიმალა. ამ დროს იგი ბადრაგის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა. საქმე აღძრულია როგორც თავად პატიმრის, ასევე ბადრაგირების სამსახურის თანამშრომლის მიმართ, რომელიც მსჯავრდებულს საავადმყოფოში ახლდა.