14 იანვარი 2026,   07:07
ვრცლად
მოჭიდავეები ფედერაციის პრეზიდენტის ლუკა კურტანიძის გადადგომას ითხოვენ

22 სექტემბერს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტს ლუკა კურტანიძეს ვეტერანმა და მოქმედმა მოჭიდავეებმა სპორტის სამინისტროსთან პიკეტი მოუწყვეს. სპორტსმენები მის გადადგომას და ახალი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნას ითხოვენ.

აქციის მონაწილეებმა კურტანიძეს, რომელიც სამინისტროში ფედერაციის პრეზიდიუმის სხდომის ჩასატარებლად მივიდა, კვერცხი ესროლეს. უწყებაში შესვლა მან პოლიციის დახმარებით შეძლო.

მოჭიდავეები კურტანიძეს ვალდებულებების შეუსრულებლობაში ადანაშაულებენ. მათი თქმით, პრეზიდენტი გადაწყვეტილებებს ერთპიროვნულად იღებს და ჭიდაობას აზიანებს.  

ამ წუთებში პრეზიდიუმის სხდომა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს, რადგან შენობაში არ შეუშვეს ჟურნალისტები.

სხდომა დატოვა პრეზიდიუმის წევრმა და ოლიმპიურმა ჩემპიონმა დავით გობეჯიშვილმა. მისი თქმით, ის არ იქნება იქ, სადაც არავინ განიხილავს მოჭიდავეთა პრობლემებს.

პრეზიდიუმის სხომაზე რამდენიმე მწვრთნელის გადაყენებისა და ახალი მწვრთნელების დანიშვნის საკითხი განიხილება. ახალ მწვრთნელებად ვეტერანი სპორტსმენების გიორგი გოგშელიძისა და მიხეილ სალაძის კანდიდატურები სახელდება. „კურიერის“ ცნობით, პრეზიდიუმი ასევე მსჯელობს რამდენიმე სპორტსმენისა და მწვრთნელის დისკვალიფიცირებაზე, რომლებიც მიმდინარე მოვლენებში განსაკუთრებით აქტიურობენ.  

დღის ამბები