საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს მარგველაშვილ-პუტინის შეხვედრა იგეგმებოდა.
შეგახსენებთ, დღეს პრეზიდენტის ყოფილმა მრჩეველმა ვანო მაჭავარიანმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მარგველაშვილ-პუტინის შეხვედრა იგეგმებოდა, თუმცა ის მთავრობამ ჩაშალა. მაია ფანჯიკიძემ აღნიშნა, რომ ეს ინფორმაცია არის ტყუილი.
„არანაირი მოლაპარაკება არ ყოფილა. არანაირი სამზადისი არ ყოფილა. ვერანაირი სამზადისი ვერ იქნებოდა მთავრობის გარეშე და საგარეო საქმეთა სამინისტროს გარეშე. ასე რომ, არანაირი სამზადისი, არანაირი გეგმა, რომ ასეთი შეხვედრა ყოფილიყო, არ ყოფილა. თქვენ თუ გახსოვთ, ეს დისკუსია მცირე ხნით იყო ჩვენს მედიაში იმის გამო, რომ ქართველმა ჟურნალისტმა რუსეთის პრეზიდენტს ჰკითხა, იქნებოდა თუ არა ის მზად საქართველოს პრეზიდენტთან შესახვედრად, რაზეც მან უპასუხა, „რატომაც არა“. აქედან დაიწყო ეს თემა, მაგრამ მას არ ჰქონია არანაირი გაგრძელება,“ - აღნიშნა ფანჯიკიძემ.
მაჭავარიანის მიერ გავრცელებული ინფორმაცია უარყო პრემიერის წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძემაც.
„ჩვენ რუსეთის მხარეს ვხვდებით 2 ფორმატში, ჟენევაში და პრაღაში. არც ერთგან ეს საკითხი შეხვედრის მზადების თვალსაზრისით არ განხილულა,“ - განაცხადა აბაშიძემ.
მაია ფანჯიკიძეს "კურიერთან" საუბრისას თავად ვანო მაჭავარიანმა უპასუხა. მისი თქმით, სწორედ მთავრობის დამსახურება იყო, რომ საერთოდ არ გადადგმულა ნაბიჯები და არ დაგეგმილა საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა.