12 იანვარი 2026,   17:39
ვრცლად
ბუნებრივი რესურსებით მოსარგებლე პირებისთვის საგადასახადო შეღავათები იგეგმება

ბუნებრივი რესურსების სარგებლობისათვის მოსაკრებლის გადამხდელთა და შემოსავლების სამსახურს შორის საგადასახადო შეთანხმების გაფორმება ხდება შესაძლებელი. ამასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ინიციატივა მოამზადეს პარლამენტის წევრებმა დავით ონოფრიშვილმა და გიორგი ცაგარეიშვილმა. ინიციატივა საკანონმდებლო ორგანოში დღეს დარეგისტრირდა და მისი განხილვა ჯერ არ დაწყებულა

როგორც ცაგარეიშვილმა Rustavi2.Com-ს განუმარტა, ეს არის სრულიად ახალი ინიციატივა, რომლის განხორციელების შემთხვევაში შეღავათი მიეცემათ ბუნებრივი რესურსებით მოსარგებლე იმ პირებს, რომლებსაც დაგროვილი აქვთ მოსაკრებლის გადასახადი, რომელზეც დამატებულია საურავები და ჯარიმები, რაც, საბოლოო ჯამში, დიდ თანხას წარმოადგენს.

ცაგარეიშვილი განმარტავს, რომ ეს ინიციატივა ბუნებრივი რესურსებით მოსარგებლეების თხოვნით მომზადდა, რადგან ისინი დაგროვილი გადასახადების გადახდას ვერ ახერხებენ.

თუმცა, ამ ინიციატივის განხორციელების შემთხვევაში, პრობლემად რჩება ადგილობრივი თვითმმართველობების საკითხი. შეგახსენებთ, რომ ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებელი ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტში შედის. თავის დროზე ეს შეღავათი ბუნებრივი რესურსებით მოსარგებლეებისათვის იმიტომ არ დაწესდა, რომ ადგილობრივი ბიუჯეტის ფაქტორი იქნა გათვალისწინებული. ცაგარეიშვილი კი Rustavi2.Com-თან საუბრისას ამბობს, რომ ეს გადასახადები მაინც უიმედოა და დიდი დარტყმა არ იქნება ადგილობრივი თვითმმართველობებისათვის. 

დღის ამბები