11 იანვარი 2026,   18:59
ვრცლად
პრემიერი ქობულეთში დაღუპული ბავშვების მშობლებს შეხვდა

ქობულეთში დაღუპული სამი ბაშვის სამოქალაქო პანაშვიდზე ამ წუთებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი და მინისტრთა კაბინეტის წევრები იმყოფებიან. 

პრემიერ-მინისტრმა დაღუპულთა მშობლებს მიუსამძიმრა და მათ ობიექტური და დროული გამოძიების ჩატარების პირობა მისცა. 

პრემიერმა ასევე მოუწოდა სასტუმროს მეპატრონეს და გარკვეულ ჯგუფებს, რომ გამოძიების დასრულებამდე თავი შეიკავონ განცხადებებისგან.

"ეს არის ტრაგედია თითვეული ჩვენგანის. მინდა, მშობლებს პირობა მივცე, რომ აუცილებლად ჩატარდება ობიექტური გამოძიება, რომ დადგინდეს სიმართლე. მე მქონდა საუბარი შესაბამის უწყებებთან, რომლებიც გამოძიებას აწარმოებენ. კიდევ ერთხელ საჯაროდ მოვუწოდებ მათ, რომ დაუყოვნებლივ, მოკლე დროში დაადგინონ ობიექტური სიმართლე. ამის გარდა, მე მინდა გითხრათ, აქ პოლიტიკური სპეკულაციები დაიწყეს გარკვეულმა ჯგუფებმა. მინდა, ყველას მოვუწოდო, მათ შორის ამ სასტუმროს მეპატრონეს და სხვებსაც, რომ თავი დაანებონ გარკვეული განცხადებების გაკეთებას, ვიდრე არ დასრულდება გამოძიება. ისინი საკუთარ ქონებაზე ზრუნავენ და მისტირიან საკუთარ ქონებას. ჩვენ უნდა დავასაფლაოთ ეს ანგელოზი ბავშვები. ასე რომ, ყველას მოვუწოდებ, თავი შეიკავონ ზედმეტი სპეკულაციებისგან, ეს არის უმძიმესი საკითხი და ეს არის ტრაგედია ჩვენი ყველასი," - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

საქართველოს პრემიერის თქმით, აუცილებელია, რომ გამკაცრდეს კონტროლი სასტუმროებში არსებულ უსაფრთხოების ნორმებზე და შემოღებული იქნას სპეციალური რეგულაციები, რომლებიც წინა ხელისუფლების პერიოდში გაუქმდა.

"მე ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა გავამკაცროთ კონტროლი. იგივე რეგულაციები, რომელიც, სამწუხაროდ, წლების განმავლობაში აღარ არსებობდა, ეს იყო სააკაშვილის დროიდან, მათ გააუქმეს რეგულაციები. აღარ არსებობს არც სახანძრო სისტემის რეგულაციები, პრაქტიკულად მორღვეულია ყველაფერი," - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

დღის ამბები