ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ყოველწლიური შეხვედრა და ბიზნესფორუმი, რიგის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი, პრემიერ-მინისტრის დაგეგმილი ვიზიტი ჩინეთში და მიმდინარე პოლიტიკური საკითხები განიხილეს კოალიცია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომაზე, რომელიც ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით გაიმართა.
საუბარი შეეხო ჩინეთის სოფლის მეურნეობის მინისტრის ვიზიტს და ჩინეთის მთავრობის მიერ საქართველოსთვის 11 მილიონ აშშ დოლარამდე ღირებულების თანამედროვე სპეცტექნიკის გადაცემას.
ირაკლი ღარიბაშვილმა სხდომაზე აღნიშნა, რომ საქართველოსა და ჩინეთს შორის ურთიერთობების ახალი ეტაპი იწყება, ასევე ხაზი გაუსვა ორი ქვეყნის თანამშრომლობის მნიშვნელობას ახალი აბრეშუმის გზის განვითარების მიმართულებით.
საუბარი შეეხო ასევე თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ორგანიზების საკითხს, რომელზეც საქართველო უმაღლესი დონის სტუმრებს უმასპინძლებს.
კოალიციის ლიდერმა პოლიტსაბჭოს წევრებს ასევე მიაწოდა ინფორმაცია, რომ ახალი სამთავრობო პროგრამის - „ძლიერი რეგიონი ძლიერი საქართველოსთვის“ ფარგლებში, გურიასა და აჭარას ესტუმრება და რეგიონების ეკონომიკური პოტენციალის პრეზენტაციას გამართავს.