რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი საქართველოს თემაზე „რია ნოვოსტისთან“ საუბრობს და ამბობს, რომ რუსეთ-საქართველოს შორის ხელისუფლების მაღალი დონის ურთიერთობის პერსპექტივა ყოველთვის არის, „მაგრამ იმისთვის, რომ პერსპექტივა რეალობად იქცეს, მუშაობაა საჭირო.“
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი და საქართველოს პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე მომდევნო შეხვედრას ივნისის შუა რიცხვებში პრაღაში გეგმავენ.
„ჩვენ კვლავაც მივიჩნევთ, რომ მაღალი და მით უმეტეს, უმაღლესი დონის კონტაქტები კეთილსინდისიერად უნდა მომზადდეს, რადგან მოუმზადებელ კონტაქტებს ყოველთვის არ მოაქვს ღირებული შედეგები. ჩემი აზრით, ჩვენი ქართველი პარტნიორები ამას კარგად ხვდებიან. სწორედ, მაღალი დონის შეხვედრებისთვის აუცილებელი ნიადაგის შესაბამისად მოსამზადებლად ვმუშაობთ მე და აბაშიძე ორივე ქვეყნის ხელმძღვანელების დავალებით,“ - განაცხადა გრიგორი კარასინმა.