International New York Times-ში (INY Times) საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მიერ გამოქვეყნებული სტატია 75 ათასი ევრო დაჯდა. ამის შესახებ ინფორმაციას „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ავრცელებს.
საქმე ეხება 2014 წლის 16 ოქტომბერს დავით უსუფაშვილის მიერ გამოქვეყნებულ წერილს სათაურით „Saakashvili Prosecuted by His Own Past And Not Putin’s “Accomplice” Ivanishvili”, რომელშიც გამოთქმული იყო ხელისუფლების მხარდამჭერი მოსაზრებები ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სამართლებრივ დევნასთან დაკავშირებით.
არასამთავრობო ორგანიზაცია უშუალოდ გაზეთის ხელმძღვანელობას დაუკავშირდა და გაარკვია, რომ სტატიის ამ კონკრეტულ გვერდზე გამოქვეყნების ღირებულება 75 ათასი ევროა.
ამ საკითხს რამდენიმე დღის წინ გამოეხმაურა წერილის ავტორი. დავით უსუფაშვილმა დაადასტურა, რომ წერილი მან დაწერა და საქართველოს მთავრობის მიერ დაფინანსებულ ვებ-გვერდს agenda.ge-ს გადასცა, თუმცა მისი გამოქვეყნება International New York Times-ში მისთვისაც მოულოდნელი იყო. უსუფაშვილმა ასევე უარყო სტატიის გამოქვეყნებისთვის საჭირო ღირებულების გადახდა.
აღნიშნული გაზეთისთვის ეროვნული ხაზინიდან თანხის გადარიცხვას უარყოფდა ფინანსთა მინისტრიც.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ ამ სადავო საკითხთან დაკავშირებული კიდევ ერთი დეტალი გაარკვია. International New York Times-მა მიმართა agenda.ge-ს თხოვნით, გაესწორებინათ ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ დავით უსუფაშვილის სტატია რეკლამაა, თუმცა ამ მოთხოვნაზე მათ პასუხი ჯერ არ მიუღიათ.