ყოფილი მთავარი პროკურორი მიიჩნევს, რომ პროკურატურაში რეფორმა სანახევროდ გატარდა და ეს უწყება დღეს ისევ ძველი სისტემით მუშაობს. ამ პრობლემის მოსაგვარებლად კი მან მართლმსაჯულების სისტემის რეფორმირების საკუთარი გეგმა შეიმუშავა.
გეგმის პრეზენტაცია დღეს გაიმართა, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
კბილაშვილი ამბობს, რომ „პოლიტიკოსი არ უნდა იყოს პროკურორი“ და „ეს ნაბიჯი იქნა გადაგმული, მაგრამ სხვა ნაბიჯი არ ყოფილა. არადა, ეს არ არის საკმარისი სისტემის სტანდარტებთან შესაბამისობაში მოსაყვანად“.
მისი თქმით, პროკურატურა უმეტესწილად იმ ფორმატში საქმიანობს, რომელიც წინა ხელისუფლებისგან მემკვიდრეობით მიიღო.
კბილაშვილის განმარტებით, ის კარგად იცნობს იმ ხარვეზებს, რომელიც სისტემაშია და სწორედ მათ აღმოფხვრას ემსახურება მის მიერ დაარსებული ორგანიზაცია "საქართველოს ევროპული არჩევანის" მიერ მომზადებული პირველი პროექტი.
"უმეტესწილად პროკურატურა საქმიანობს იმ ფორმატში, რომელიც მემკვიდრეობით იქნა მიღებული წინა ხელისუფლებისგან. მე კარგად ვიცი, რა ხარვეზებს შეიცავს არსებული სისტემა, ამიტომ საუბარია ამ ხარვეზების აღმოფხვრაზე და კონცეფციის შემუშავებაზე. პროექტს აქვს ორი განშტოება – პროკურატურის რეფორმის ხელშეწყობა, მისი პროფესიონალიზმისა და დამოუკიდებლობის ზრდა, მეორე – აღმკვეთი ღონისძიების სრულყოფა. იმედი გვაქვს, რომ იმ კონცეფციით, რომელზეც დავიწყეთ მუშაობა, წლის ბოლოსთვის მივიღებთ მკაფიო სურათს, რომელიც შესაძლებლობას მოგვცემს გავსაზღვროთ, როგორ უნდა იყოს მოწყობილი ეს ორგანიზაცია", - განაცხადა არჩილ კბილაშვილმა, რომლის განმარტებითაც, იქედან გამომდინარე, რომ მისი ორგანიზაცია არასამთავრობო სექტორს წარმოადგენს, ხელისუფლებისთვის მის მიერ შექმნილ პროდუქტს მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათი ექნება.