16 იანვარი 2026,   09:33
ვრცლად
პრემიერის სახლთან დაკავებული 6 პირის სასამართლო დღეს გაიმართება

პატიმრობა თუ ფულადი ჯარიმა? - დღეს, 22 ოქტომბერს გაირკვევა, თუ რა სახის ადმინისტრაციულ სახდელს დააკისრებს მოსამართლე პრემიერის სახლთან გამართულ აქციაზე დაკავებულ 6 პირს. პროცესი საქალაქო სასამართლოში გაიმართება.

5 პირს წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის აქვს ბრალი წაყენებული. მათ შორისაა ტელეკომპანია „ტაბულას“ ფოტორეპორტიორი ალექსანდრე გიორგაძე. კიდევ ერთ პირს, თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას ადვოკატს რომეო საჯაიას წვრილმან ხულიგნობას ედავებიან.

დღევანდელ პროცესზე იგეგმება დაცვის მხარის მოწმეების დაკითხვა და დაცვის მხარის მიერ წარდგენილი ვიდეოკადრების გამოკვლევა. დაკავებულების ადვოკატების განცხადებით, ისინი მათი დაცვის ქვეშ მყოფების უდანაშაულობის და დაკავების პოლიტიკური მოტივის დამტკიცებას შეძლებენ.

19 ოქტომბერს პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის სახლთან მეშვიდე დაკავებულს - ლევან კვარაცხელიას სასამართლომ 21 ოქტომბერს უკვე შეუფარდა 5 ათას ლარიანი გირაო სამართალდამცველების წინააღმდეგობისთვის. კვარაცხელია ერთადერთია, ვის შემთხვევაშიც საქმე არა ადმინისტრაციული, არამედ სისხლის სამართლის კვალიფიკაციით მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ 19 ოქტომბერს პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის სახლთან ბაჩო ახალაიას მხარდამჭერებმა აქცია გამართეს. აქციის მიმდინარეობისას ქუჩაში გამვლელებსა და აქციის მონაწილეებს შორის მოხდა დაპირისპირება, პოლიციამ აქციის მონაწილე 7 პირი დააკავა.

ამავე თემაზე
დღის ამბები