08 იანვარი 2026,   05:59
ვრცლად
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის საქმე გენინსპექციამ შეისწავლა - ლევან თორია

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის საქმე გენინსპექციამ შეისწავლა და რამდენიმე თანამდებობის პირი დააქვეითეს.

ამის შესახებ დღეს თავისუფლებისა და მხარდაჭერის ცენტრის კოორდინატორმა, ლევან თორიამ განაცხადა.

მისი თქმით, ზუგდიდის პოლიციაში გენინსპექციამ მუშაობა მას შემდეგ დაიწყო, რაც ე.წ. კანონიერი ქურდი საქართველოში რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან ყალბი პასპორტით გადმოვიდა.

მისი გადმოსვლის ფაქტი დაზვერვის სამსახურმა აღმოაჩინა და, როგორც თორია ამბობს, შსს-ს ხელმძღვანელობა ზუგდიდის პოლიციის უფროსს სწორედ იმის გამო საყვედურობს, რომ მათ ამის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ ჰქონდათ.  

ლევან თორიას ინფორმაციით, გენინსპექციამ ზუგდიდის პოლიციაში მუშაობა უკვე დაასრულა და მუშაობის შემდეგ 12 პირს არასათანადო მუშაობის გამო საყვედური გამოუცხადეს. პოლიციის ქვეგანყოფილების ხელმძღვანელები კი დააქვეითეს. თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, მათ სად გადაიყვანენ.

ამასთან, ლევან თორიამ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი, ლევან შონია და პოლიციის სამმართველოს უფროსი, კობა ხარებავა ე.წ. ქურდულ სამყაროსთან გარიგებაში დაადანაშაულა.

გარდა ამისა, ლევან თორია შერჩევით სამართალზეც საუბრობს. როგორც ის ამბობს, სუს-ის თანამშრომელმა, ბაკურ გულუამ, რომელიც თენგიზ გუნავას საქმეში მოწმეა და ამ თანამდებობაზე მას შემდეგ დაინიშნა, რაც მან გუნავას წინააღმდეგ ჩვენება მისცა, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა დაამტვრია სუს-ის სამეგრელოს განყოფილების უფროსის სამსახურეობრივი მანქანა და ამ ფაქტზე არც საქმეა აღძრული და არც შიდა მოკვლევა მიმდინარეობს მიუხედავად იმისა, რომ მანქანა ძვირადღირებულია და სახელმწიფოს კუთვნილებას წარმოადგენს.                      

დღის ამბები