ნაციონალური მოძრაობიდან წასული გოგა ხაჩიძე ამბობს, რომ ამ ორ დღეში მათ წასვლასთან დაკავშირებით ბევრი ვერსია მოისმინა და რეალურ მიზეზებზე ისინი ხვალ ისაუბრებენ.
ამის შესახებ მან განცხადება რამდენიმე წუთის წინ ფეისბუკის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა.
"მეორე დღეა, მოთმინებით ვადევნებ თვალს იმ გამოხმაურებას, რომელიც ჩემი და ჩემი კოლეგების ნაციონალური მოძრაობადან წამოსვლას მოჰყვა. უამრავი პატივსაცემი და გასათვალისწინებელი აზრი მოვისმინე, მრავალი შეფასება, ბევრი ვარაუდი და ცოტაც - იაფფასიანი სისულელე," - ამბობს ხაჩიძე და დასძენს, რომ მიზეზებზე ხვალ ისაუბრებენ.
"ხვალ, როგორც შეთანხმებულები ვიყავით, გამოვაქვეყნებთ განცხადებას და გავაკეთებთ საჯარო განმარტებას იმ მიზეზებზე, რის გამოც რეალურად გადავდგით ეს, არცთუ ისე მარტივი და კარგად გასააზრებული, ნაბიჯი.
"როგორც გუშინ ზურა ჯაფარიძემ ხაზგასმით აღნიშნა, "ჩვენთვის არ შეცვლილა ღირებულებები, არც ქვეყანაში არსებული რეალობის აღქმა, არც პოლიტიკური ხედვები და არც პოლიტიკური მოწინააღმდეგე".
"დანარჩენს უახლოესი მომავალი გვაჩვენებს. წინ მნიშვნელოვანი საქმეებია," - წერს ხაჩიძე.