ბელარუსი ევროკავშირს საპასუხო სანქციებს დაუწესებს - განცხადებას ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე თქმით, ბელარუსი ყოველთვის ეწინააღმდეგებოდა დაპირისპირებას, მაგრამ ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, როგორც სუვერენული სახელმწიფო, უპასუხებს არამეგობრულ ქმედებებს.
დიპლომატიური პრაქტიკის თანახმად, ბელარუსი სანქციებში მოხვედრილი ოფიციალური პირების სიის გასაჯაროვებას არ აპირებს. ხანგრძლივი მსჯელობის შემდეგ ევროკავშირის ლიდერები ბელარუსისთვის სანქციების დაწესებაზე შეთანხმდნენ.
სანქციების სიაში 40 პირია. თუმცა მათ შორის არ არის ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო. ევროპელი ლიდერების განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ ალექსანდრ ლუკაშენკო საკუთარ ხალხთან დიალოგს ვერ შეძლებს, მომავალში გამორიცხული არ იქნება, რომ ის სანქციების სიას დაემატოს.