"საბედნიეროდ, სამართალმა იზეიმა და სასამართლომ დამოუკიდებელი გადაწყვეტილება მიიღო," - ასე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი მთავრობის სხდომაზე ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციასთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ გუშინ მიღებულ გადაწყვეტილებას.
ღარიბაშვილის განცხადებით, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ წინა ხელისუფლების დროს საქმე გვქონდა მკვლელობებთან, წამებასთან, ადამიანების ტანჯვასთან, გაუპატიურებასთან და თქვა, რომ რეჟიმი, რომელიც საკუთარი ხალხის წინააღმდეგ იბრძოდა, წარსულს ჩაბარდა.
„საქმე გვქონდა მკვლელობასთან, გამოგონილ მკვლელობასთან, ტანჯვასთან, ადამიანების წამებასთან. კიდევ ერთხელ მინდა შევახსენო ამ ადამიანებს, რომლებიც ყოველდღიურად თესავენ სტრესს და ქაოსს საზოგადოებაში, რომ ხალხმა ძალიან კარგად დაინახა წლების განმავლობაში ჩამოყალიბებული დანაშაულებრივი რეჟიმი და სისტემა, რომელიც ებრძოდა საკუთარ მოქალაქეებს, სახელმწიფოს და ქვეყანას ანგრევდა, რეალურად ეს ყველაფერი წარსულს ჩაბარდა,“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.