სამსახურებრივი გულგრილობის ჩადენის ფაქტზე ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ლაშა ბოლქვაძე და ბათუმის მერიის საფინანსო ეკონომიკური სამსახურის უფროსის მოადგილე არჩილ ვანაძე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს.
გამოძიებით დადგენილია, რომ ქალაქის მერიამ შპს „ტონი და კომპანიასთან“ გააფორმა ხელშეკრულება, ჟილინის არხის კაპიტალური სარეკონსტრუქციო სამუშაოების შესახებ. შპს-ს მხრიდან საბანკო გარანტიის წარდგენის შემდეგ მერიამ ავანსის სახით კომპანიას ჩაურიცხა მილიონ 289 ათას 972 ლარი. მას შემდეგ, რაც კომპანიამ არაჯეროვნად შეასრულა სამუშაოები და მერიას წარუდგინა მხოლოდ 254 ათას 265 ლარის ღირებულების სამუშაოები, ბრალდებულებმა, ნაცვლად იმისა, რომ აემოქმედებინათ სადაზღვევო კომპანია „უნისონი“-ს მიერ გაცემული საბანკო გარანტიით გათვალისწინებული პირობები, გულგრილად მოეკიდნენ დაკისრებულ მოვალეობას და აღნიშნულ საწარმოს კვლავ გადაურიცხეს 236 ათასი ლარი.
საქმეზე გრძელდება გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის 1 ნაწილით, რაც 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.