მოჭიდავეებს შორის უთანხმოება და დაპირისპირება გრძელდება. დღეს ვეტერანი მოჭიდავეების ნაწილმა კიდევ ერთხელ გამართა პრესკონფერენცია და ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის ლუკა კურტანიძის გადადგომა მოითხოვა. დაპირისპირების მიზეზი კურტანიძის მიერ ბოლო დროს მიღებული საკადრო გადაწყვეტილებებია.
პრესკონფერენცია მსოფლიოს და ოლიმპიური ჩემპიონატის გამარჯვებულებმა, მანუჩარ კვირკველიამ და რამზა ნოზაძემ გამართეს.
რამაზ ნოზაძე ამბობს, რომ ის მოჭიდავეები, რომლებმაც თავის დროზე კურტანიძის პრეზიდენტობას დაუჭირეს მხარი, ახლა მისი წინააღმდეგნი არიან და მედია სწორედ იმით უნდა დაინტერესდეს, თუ ეს რამ განაპირობა.
„მწვრთნელები გამოვიდნენ და კრიმინალში ამხილეს. თქვენ ეს იცით?“ - ამბობს ნოზაძე და ითხოვს, რომ კურტანიძემ ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობა დატოვოს.
კურტანიძე კი ამბობს, რომ ის თანამდებობიდან გადადგომას არ აპირებს.
„ნოზაძეს ურჩევნია, თავის წარსულს კარგად გადახედოს,“ - განაცხადა „რუსთავი2“-თან საუბრისას.
გუშინ მოჭიდავეების მიერ საპროტესტო აქციის გამართვის შემდეგ გადაწყდა, რომ ორ თვეში გაიმართება ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდიუმი, რომელიც კურტანიძის გადაყენების საკითხთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს. ჯერჯერობოთ უცნობია, ამ ორი თვის განმავლობაში მოჭიდავეები ვარჯიშს გააგრძელებენ თუ არა.